კოსოვოში აშშ-ის ელჩი - აშშ კოსოვოსთან ერთად მუშაობს, რათა გამოიძიოს თავდასხმა ბანისკაში, ეს არ იყო ცალკეული მოქალაქეების ჯგუფი, რომელიც სპონტანურად შეიკრიბა, ეს იყო გაწვრთნილი, ორგანიზებული ჯგუფი
კოსოვოში აშშ-ის ელჩი - აშშ კოსოვოსთან ერთად მუშაობს, რათა გამოიძიოს თავდასხმა ბანისკაში, ეს არ იყო ცალკეული მოქალაქეების ჯგუფი, რომელიც სპონტანურად შეიკრიბა, ეს იყო გაწვრთნილი, ორგანიზებული ჯგუფი

აშშ კოსოვოსთან ერთად მუშაობს, რათა გამოიძიოს სოფელ ბანისკაში მომხდარი თავდასხმა, რომელსაც ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ კოსოვოში აშშ-ის ელჩმა, ჯეფრი ჰოვენიერმა განაცხადა.

„ჩვენ ჯერ კიდევ ვმუშაობთ, რათა ზუსტად გავიგოთ, ვინ არის პასუხისმგებელი, როგორ და რატომ მოხდა ეს. ეს არ იყო ცალკეული მოქალაქეების ჯგუფი, რომელიც სპონტანურად შეიკრიბა შეშფოთების გამოსახატად“, – განაცხადა ჰოვენიერმა.

მისი თქმით, ეს იყო გაწვრთნილი, ორგანიზებული, პროფესიონალი ჯგუფი.

„ეს ნიშნავს, რომ მათ უკან დგანან გარკვეული სტრუქტურები, რომლებიც აძლევენ აღჭურვილობას და წვრთნიან. მათ ჰქონდათ სამხედრო კლასის აღჭურვილობა. ჩვენ გვინდა, ეს ყველაფერი ბოლომდე გამოვიძიოთ და პასუხისმგებელი პირები პასუხისგებაში მივცეთ. ამ დრომდე არცერთ ჯგუფს არ აუღია თავდასხმაზე პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა ჰოვენიერმა.

კოსოვომ დაადანაშაულა სერბეთი შეიარაღებული თავდამსხმელების მხარდაჭერაში, ხოლო სერბეთი ამბობს, რომ კოსოვოა დამნაშავე მოსახლეობის მიმართ არასათანადო მოპყრობაში.

ცნობისთვის, კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში შეიარაღებული პირები ჯავშანტექნიკით ერთ-ერთ სოფელში შეიჭრნენ, პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს და სერბულ მართლმადიდებლურ მონასტერში გამაგრდნენ.