„როიტერი“ - კოსოვოში შეიარაღებული პირები ჯავშანტექნიკით ერთ-ერთ სოფელში შეიჭრნენ, პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს და სერბულ მართლმადიდებლურ მონასტერში გამაგრდნენ
„როიტერი“ - კოსოვოში შეიარაღებული პირები ჯავშანტექნიკით ერთ-ერთ სოფელში შეიჭრნენ, პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს და სერბულ მართლმადიდებლურ მონასტერში გამაგრდნენ

კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში შეიარაღებული პირები ჯავშანტექნიკით ერთ-ერთ სოფელში შეიჭრნენ, პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს და სერბულ მართლმადიდებლურ მონასტერში გამაგრდნენ.

„როიტერის“ ინფორმაციით, თავდასხმა სოფელ ბანსკაში მოხდა. კოსოვოს პოლიციის ცნობით, ორმხრივი სროლის დროს მოკლულია ერთი ოფიცერი და სამი თავდამსხმელი. პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმაში სულ 30-მდე პირი მონაწილეობდა. ისინი ამჟამად მონასტერში არიან გამაგრებულები, რომლისთვისაც სამართალდამცველებს, უკვე რამდენიმე საათია, ალყა აქვთ შემორტყმული. სერბული ეკლესიის ცნობით, ბერები და მომლოცველები მონასტრის ტაძარში არიან ჩაკეტილები.

უცნობია, ვინ დგას თავდასხმის უკან, თუმცა კოსოვოს ხელისუფლება მომხდარში „სერბეთის მიერ დაფინანსებულ კრიმინალებს“ ადანაშაულებს.

„ისინი არიან პროფესიონალები, სამხედრო და პოლიციური გამოცდილებით“, – განაცხადა კოსოვოს პრემიერმა ალბინ კურტიმ, რომელმაც მონასტერში შეჭრილ შეიარაღებულ პირებს ჩაბარებისკენ მოუწოდა.