კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტი ჰაშიმ ტაჩი ჰააგაში დააკავეს
კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტი ჰაშიმ ტაჩი ჰააგაში დააკავეს

კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტი ჰაშიმ ტაჩი ჰააგაში დააკავეს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ტაჩიმ თანამდებობა დატოვა. როგორც პრიშტინაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჰაშიმ ტაჩიმ განაცხადა, ჰააგაში კოსოვოს საკითხზე მომუშავე სამხედრო ტრიბუნალმა მის წინააღმდეგ ბრალის წარდგენა დაადასტურა.

ჰაშიმ ტაჩი 1998-1999 წლებში სერბეთის მმართველობის წინააღმდეგ პარტიზანული ჯგუფის „კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის“ მეთაური იყო. „კოსოვოს განმათავისუფლებელ არმიას“ სამხედრო დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების ჩადენაში ადანაშაულებენ.

პროკურორები მიიჩნევენ, რომ ჰაშიმ ტაჩი პასუხისმგებელია საომარი მოქმედების დროს 100-მდე მოქალაქის მკვლელობაზე. ტაჩი ბრალდებებს უარყოფს.

კოსოვოს საკითხზე სამხედრო ტრიბუნალი ჰააგაში 2015 წელს შეიქმნა. შეგახსენებთ, რომ მანამდე კოსოვოს პარლამენტის ყოფილი სპიკერი, იაკუპ კრასნიჩი დააკავეს და ჰააგის საგამოძიებო იზოლატორში გადაიყვანეს.