კოსოვოს პრეზიდენტმა ჰაშიმ ტაჩიმ თანამდებობა დატოვა
კოსოვოს პრეზიდენტმა ჰაშიმ ტაჩიმ თანამდებობა დატოვა

კოსოვოს პრეზიდენტმა ჰაშიმ ტაჩიმ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც პრიშტინაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჰაშიმ ტაჩიმ განაცხადა, წყაროებმა მას აცნობეს, რომ ჰააგაში კოსოვოს საკითხზე მომუშავე სამხედრო ტრიბუნალმა მის წინააღმდეგ ბრალის წარდგენა დაადასტურა.

„ის არ მომცემს საშუალებას, წარვსდგე სასამართლოს წინაშე, როგორც პრეზიდენტი, რომ დავიცვა სახელმწიფოს ერთიანობა, მე დღეს თანამდებობას ვტოვებ“, – განაცხადა ჰაშიმ ტაჩიმ.

მისი თქმით, ახალი პრეზიდენტის არჩევამდე, კოსოვოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი კოსოვოს პარლამენტის თავმჯდომარე იქნება.

ჰაშიმ ტაჩი 1998-1999 წლებში სერბეთის მმართველობის წინააღმდეგ პარტიზანული ჯგუფის „კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის“ მეთაური იყო. „კოსოვოს განმათავისუფლებელ არმიას“ სამხედრო დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების ჩადენაში ადანაშაულებენ. პროკურორები მიიჩნევენ, რომ ჰაშიმ ტაჩი პასუხისმგებელია საომარი მოქმედების დროს 100-მდე მოქალაქის მკვლელობაზე. ტაჩი ბრალდებებს უარყოფს.

კოსოვოს საკითხზე სამხედრო ტრიბუნალი ჰააგაში 2015 წელს შეიქმნა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე კოსოვოს პარლამენტის ყოფილი სპიკერი, იაკუპ კრასნიჩი დააკავეს და ჰააგის საგამოძიებო იზოლატორში გადაიყვანეს.