კოსმოსში მოხეტიალე პლანეტები შეიძლება საკუთარ მთვარეებს წარმოქმნიან — #1tvმეცნიერება
14:34, 20.08.2025
კოსმოსში არსებობს თავისუფლად მცურავი, პლანეტური მასის ობიექტები, რომლებიც გრავიტაციულად არცერთ ვარსკვლავთან არ არიან მიბმული და გალაქტიკაში უმისამართოდ დაქრიან. როგორც ჩანს, მათ საკუთარი მთვარეების სისტემის წარმოქმნა შეუძლიათ, მინიატურული მასშტაბის პლანეტური სისტემის მსგავსის.
ჯეიმს ვების მიერ რამდენიმე მოხეტიალე პლანეტაზე (თითოეულის მასა 5-10 იუპიტერს შორის მერყეობდა) ჩატარებულმა ახალმა ანალიზმა ცხადყო, რომ მათ აქვთ კრისტალური სილიკატის მნიშვნელოვანი პროპორციის მქონე დისკოები, ზუსტად ისეთი, როგორიც ზოგიერთ ახალშობილ ვარსკვლავს აქვს პლანეტების წარმოქმნის დაწყებამდე.
„ამ კვლევებმა აჩვენა, რომ გიგანტური პლანეტების მასის ობიექტებს აქვთ პოტენციალი, რომ წარმოქმნან საკუთარი მინიატურული პლანეტური სისტემები. ეს სისტემები მზის სისტემის მსგავსი უნდა იყოს, უბრალოდ მასითა და ზომით 100-ჯერ და მეტჯერ პატარა. გასარკვევია, მართლაც არსებობს თუ არა ასეთი სისტემები“, — ამბობს ბრიტანეთის სენტ-ენდრიუს უნივერსიტეტის ასტრონომი ალექს შოლცი.
ბოლო წლებში, ჯეიმს ვებმა აღმოაჩინა ჯერ არნახულ ობიექტთა მომაჯადოებელი კლასი, რომლებიც კოსმოსის ნისლეულოვან რეგიონებშია გამოკიდებული. მათ თავისუფლად მცურავ პლანეტური მასის ობიექტებს უწოდებენ და ზუსტად ისეთებია, როგორიც მათი სახელი — დაახლოებით 10 იუპიტერის მასის ობიექტები სივრცეში უმისამართოდ დაეხეტებიან.
კოსმოსის ის ჯიბეები, სადაც ისინი არიან წარმოდგენილი, არის ადგილები, სადაც ბევრი ახალი ვარსკვლავი იბადება. ასეთი გარემო გადაჭედილი უნდა იყოს თავისუფლად მოსრიალე ეგზოპლანეტებით, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ერთმანეთთან ახლოს თავმოყრილი ამდენი ვარსკვლავი გრავიტაციულად არღვევს ერთმანეთის ჩვილ პლანეტურ სისტემებს. თუმცა, ისიც შესაძლებელია, რომ მოხეტიალე პლანეტები ზუსტად ვარსკვლავების მსგავსად იბადებოდნენ.
წინა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ მოხეტიალე პლანეტებს შეიძლება ჰქონდეს ორბიტაზე მოძრავი მატერიის დისკო, იმის მსგავსი, რასაც ჩვილ ვარსკვლავთა გარშემო ვხედავთ.
ვარსკვლავების შემთხვევაში, ეს დისკო მათი წარმოქმნისას მორჩენილი მატერიის ნარჩენია. მბრუნავი ჩვილი ვარსკვლავი მის გარშემო არსებული ნისლეულური ღრუბლისგან მატერიას იწოვს, რა დროსაც დისკო წარმოიქმნება. ამ დისკოში მორჩენილი მასალებისგან წარმოიქმნება პლანეტები.
მოხეტიალე პლანეტათა გარშემო დისკოს არსებობა შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ისინიც ვარსკვლავების მსგავსად იბადებიან. თუმცა, შემდეგი კითხვაა, დისკოებიც ისე იქცევიან თუ არა ცენტრალური ობიექტის წარმოქმნის შემდეგ; სწორედ ამის განსაზღვრა გადაწყვიტა ჯგუფმა, რომელსაც სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი ბელინდა დამიანი ხელმძღვანელობდა.
მათ ჯეიმს ვების მიერ ჩატარებული დაკვირვებები გამოიყენეს, რათა შეესწავლათ ორიონის ნისლეულში აღმოჩენილი რვა მოხეტიალე პლანეტის დისკოების შემადგენლობა; ასე მიაგნეს ნახშირწყალბადის, სილიკატის მარცვლების მტკიცებულებას, ასევე მტვრისა და კრისტალიზაციის ნიშნებს, იმის მსგავსს, რასაც ზოგჯერ ჩვილი ვარსკვლავის გარშემო პლანეტური სისტემის დაბადებისას ხედავენ.
შედეგები მიუთითებს, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ამ უცნაურ ობიექტებს შეიძლება მთვარეების ვრცელი სისტემა გაუჩნდეთ, შეიძლება სატურნის და იუპიტერის მსგავსი რგოლებიც კი, ანდაც მინიატურული პლანეტური სისტემა. გამომდინარე იქიდან, რომ მზის სისტემის მიღმა მთვარეების არსებობის კონკრეტული მტკიცებულებები ჯერ არ გვაქვს, აღმოჩენა ნამდვილად საოცარია.
„აღმოჩენა აჩვენებს, რომ პლანეტების წარმოქმნისთვის საჭირო საშენი მასალები არსებობს იუპიტერზე ოდნავ დიდ, კოსმოსში თავისუფლად მონავარდე ობიექტთა გარშემოც კი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პლანეტური სისტემების ფორმაცია ვარსკვლავების ექსკლუზივი კი არ არის, არამედ ეს ეულ, უვარსკვლავო პლანეტებთანაც კი ხდება“, — ამბობს დამიანი.