კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვით ბრიტანეთმა ევროპის მასშტაბით პირველ ადგილზე გადაინაცვლა
კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობით ბრიტანეთმა ევროპის მასშტაბით პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ბოლო ერთ დღეში 693 ადამიანი დაიღუპა, მსხვერპლის საერთო რაოდენობამ კი 29 427-ს მიაღწია.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ევროპაში კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობით პირველ ადგილზე იტალია იყო. იტალიაში „კოვიდ-19“-ით 29 315 ადამიანი დაიღუპა.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივნის, დომინიკ რააბის განცხადებით, ქვეყანა ვირუსის პიკზეა. რააბმა ასევე აღნიშნა, რომ კიბერკრიმინალები კრიზისს იყენებენ და მათი სამიზნე ეპიდემიასთან მებრძოლი ორგანიზაციები არიან.