კორონავირუსით გარდაცვლილი ოთხი პაციენტიდან ერთი 67 წლის ქალია, ის მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა
კორონავირუსით გარდაცვლილი ოთხი პაციენტიდან ერთი 67 წლის ქალია, ის მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა

კორონავირუსით გარდაცვლილი ოთხი პაციენტიდან ერთი 67 წლის ქალია. პაციენტი მცხეთის სამედიცინო ცენტრში 23 სექტემბრის შემდეგ მკურნალობდა. მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორის, ლიკა მუმლაძის განცხადებით, მას თანმხლები დაავადება – სარძევე ჯირკვლის სიმსივნე ჰქონდა.

„ჩვენს კლინიკაში გუშინ გარდაიცვალა 67 წლის ქალბატონი, რომელიც მკურნალობას გადიოდა 23 სექტემბრიდან. ქალბატონი ჩვენთან ქუთაისიდან რეფერალით გადმოიყვანეს. შემოსვლისთანავე პაციენტის მდგომარეობა იყო მძიმე, თუმცა მისი მდგომარეობის სიმძიმეს განაპირობებდა მისი თანმხლები დაავადება, რითაც ის შემოვიდა. აქ იყო სარძევე ჯირკვლის სიმსივნე მრავალი წლის წინ დადგენილი, ჩატარებული ქირურგიული, სხივური, ქიმიო თერაპიის მრავალი კურსი და მრავლობითი მეტასტაზები პრაქტიკულად მთელ სხეულში, ძვლოვან სისტემაში, ფილტვში, თავის ტვინში და ა.შ. ქალბატონი ბოლო წლების განმავლობაში ბინაზეც იყო მოვლის ქვეშ, შემდეგ ამ დაავადების გამო გადმოიყვანეს ჩვენთან“, – განაცხადა ლიკა მუმლაძემ.

რაც შეეხება ზოგად მდგომარეობას, კლინიკური დირექტორის ინფორმაციით, მცხეთის სამედიცინო ცენტრში ამ დროისთვის სულ „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 69 პაციენტი მკურნალობს.

„ჩვენს კლინიკაში ამ დროისთვის 69 პაციენტი მკურნალობს, ათი პაციენტი გადის მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში, სამი პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე. მათი მდგომარეობა რჩება კვლავინდებურად მძიმე, თუმცა შედარებით დადებითი დინამიკით. არიან მძიმე პაციენტები, რომლებიც არ არიან მართვით სუნთქვაზე, თუმცა უტარდებათ მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში, კლინიკაში ძირითადად საშუალო და მძიმე მდგომარეობის პაციენტებიმ იმყოფებიან“, – აღნიშნა ლიკა მუმლაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 268 პაციენტი, გარდაიცვალა ოთხი.