ბათუმის საავადმყოფოს მენეჯერის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილ 51 წლის პოლიციელს ორივე ფილტვი დაზიანებული ჰქონდა
ბათუმის საავადმყოფოს მენეჯერის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილ 51 წლის პოლიციელს ორივე ფილტვი დაზიანებული ჰქონდა

კომპიუტერული ტომოგრაფიით დადგინდა, რომ 51 წლის პოლიციელს ორივე ფილტვის 90-პროცენტიანი დაზიანება ჰქონდა, – ამის შესახებ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯერმა, გია კიკაბიძემ აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილ პოლიციელთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პაციენტი საავადმყოფოში 29 სექტემბერს შეიყვანეს, კორონავირუსი კი პირველ ოქტომბერს დაუდგინდა.

„29 სექტემბერში შემოიყვანეს. შემოსვლისთანავე პაციენტს აღენიშნებოდა ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება და ქოშინი. მას ტემპერატურა სამი დღის განმავლობაში სახლშიც აღენიშნებოდა. მას კორონავირუსი პირველ ოქტომბერს დაუდგინდა და გაუკეთდა კომპიუტერული ტომოგრაფია. ტომოგრაფიაზე ორივე ფილტვის დაზიანება და სუნთქვის გაძნელება გამოიკვეთა, რის გამოც ინფექციური თერაპიის პალატაში იმყოფებოდა.

გუშინ პაციენტის მდგომარეობა უეცრად დამძიმდა. ამის გამო მას კომპიუტერული ტომოგრაფია კიდევ ერთხელ ჩაუტარდა სისხლძარღვოვანი რეჟიმით და აღმოჩნდა, ორივე ფილტვის 90-პროცენტიანი დაზიანება.

პაციენტი მართვით სუნთავაზე გადავიყვანეთ, მაგრამ ჩატარებული ინტენსიური მკურნალობის მიუხედავად, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა. პაციენტს ანამნეზში, შუნტირება ჰქონდა გაკეთებული, მას გულის უკმარისობა და შაქრიანი დიაბეტი აღენიშნებოდა“, – განაცხადა გია კიკაბიძემ.