კორონავირუსით დღეს გარდაცვლილი პაციენტებიდან ოთხი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა
კორონავირუსით დღეს გარდაცვლილი პაციენტებიდან ოთხი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა

აჭარაში კორონავირუსით დღეს გარდაცვლილი ოთხივე პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. გარდაცვლილთაგან ორი ქალი, ორი კი მამაკაცია. მათი ასაკი 66-დან 87 წლამდე მერყეობს.

„ოთხივე პაციენტი იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე, კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში. ოთხივეს ჰქონდა ურთულესი ანამნეზი. ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. გუშინ ღამით დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, – განაცხადა კლინიკის მენეჯერმა, გია კიკაბიძემ.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფი 189 პაციენტიდან 44 რეანიმაციულ განყოფილებაშია. მათგან ექვსი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე რჩება.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 292, ხოლო გარდაიცვალა შვიდი პაციენტი.