კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის გამავრცელებლებს ფეისბუქი ოფიციალურ ინფორმაციაზე გადაამისამართებს
კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის გამავრცელებლებს ფეისბუქი ოფიციალურ ინფორმაციაზე გადაამისამართებს

სულ მალე, ფეისბუქი გაცნობებთ, თუკი სოციალურ ქსელში კორონავირუსის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაცია იხილეთ ან მასზე რაიმე რეაქცია გამოხატეთ.

ახალი შეტყობინება დაეგზავნება მომხმარებლებს, რომლებმაც მოიწონეს, დააკომენტარეს ან რაიმე რეაქცია გამოხატეს პოსტებზე, რომლებიც COVID-19-ის შესახებ საზიანო ინფორმაციის შემცველობის გამო მოდერატორებმა წაშალეს. შეტყობინება ფეისბუქზე უახლოეს კვირებში გამოჩნდება და გადაამისამართებს ვებგვერდზე, რომელზეც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამხელს ვირუსის შესახებ გავრცელებულ მითებსა და ჭორებს.

ეს ნაბიჯი ფეისბუქის, გუგლისა და ტვიტერის ახალი უპრეცედენტო ძალისხმევის ნაწილია, რომელიც მოიცავს მკაცრ წესებს, შეცვლილ ალგორითმებსა და ათასობით ფაქტის გადამოწმებას, რათა მოხდეს ყალბი ინფორმაციის გავრცელების შეკავება. დეზინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ბოლო დღეებში ინტერნეტში თავად ვირუსზე სწრაფად ვრცელდება.

თუმცა, რჩება გამოწვევები. ტექნოლოგიურმა პლატფორმებმა ადამიანი მოდერატორები სახლებში გაუშვეს და საზიანო ინფორმაციის კონტროლი ავტომატიზებული სისტემების ამარა დარჩა. კომპანიები ასევე შეეცდებიან, გააქარწყლონ ადამიანთა უნდობლობა ავტორიტეტული წყაროების, მაგალითად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიმართ.

„ამ კრიზისში ჩემი უმთავრესი პრიორიტეტია დავრწმუნდე, რომ ჩვენს ყველა აპლიკაციაში თქვენ მხოლოდ ზუსტ და ავტორიტეტულ ინფორმაციას ხედავთ“, — წერს ფეისბუქის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი.

კომპანიის განცხადებით, მარტში მან გამაფრთხილებელი ნიშანი დაადო 40 მილიონამდე ვიდეოს, პოსტსა თუ სტატიას, რომლებიც კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციას შეიცავდა.

ფეისბუქის განცხადებით, ამ გამაფრთხილებელმა ნიშნებმა მომხმარებელთა 95 პროცენტი ყალბი ინფორმაციის ხილვისგან დაიცვა.

„ეს იმის დიდი მანიშნებელია, რომ ხალხს ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციების სჯერა. ამ ნიშანს გავლენა აქვს ადამიანების მიერ ინფორმაციის მოხმარებაზე“, — ამბობს ფაქტების გადამმოწმებელი საერთაშორისო ქსელის დირექტორი ბეიბარს ორსეკი.

ფეისბუკი ასევე იწყებს COVID-19-ის შესახებ დეზინფორმაციის მამხილებელი სტატიების მხარდაჭერას, რისთვისაც ქმნის ახალ საინფორმაციო ცენტრს, სახელად „Get The Facts“. ეს სექცია სოციალურ ქსელში გამოჩნდება და შეეცდება დაამსხვრიოს მომხმარებლებში პოპულარული კონსპირაციული თეორიები.

კონსპირაციული თეორიები ავრცელებს დეზინფორმაციას დაუდასტურებელი სამკურნალო საშუალებების, ვაქცინებისა თუ 5G კავშირის შესახებ.

5G-სა და ვირიუსს შორის კავშირის შესახებ გავრცელებული კონსპირაციული თეორიის შემდეგ, მსოფლიოს რამდენიმე ადგილას ადამიანები ვანდალურად დაესხნენ თავს მობილური კავშირის ანძებს. მეცნიერთა განცხადებით, ასეთი თეორიის რეალურობა ფიზიკურადაც და ბიოლოგიურად შეუძლებელია.

ფეისბუქის ვიცე-პრეზიდენტის, გაი როზენის განცხადებით, უკვე წაშლილია დეზინფორმაციის შემცველი ასობით ათასი პოსტი, რომელთაგან ძალიან ბევრს ადამიანებისთვის უზარმაზარი ფიზიკური ზიანის მოტანა შეეძლო.

მომზადებულია The Associated Press-ის მიხედვით.