კორონავირუსის შემთხვევების გამო, ბელგიის ერთ-ერთ საპატიმროში კარანტინი გამოცხადდა
კორონავირუსის შემთხვევების გამო, ბელგიის ერთ-ერთ საპატიმროში კარანტინი გამოცხადდა

ბელგიის ერთ-ერთ ციხეში კარანტინი გამოცხადდა. მას შემდეგ რაც, დაკავებულთა ნახევარზე მეტს და ციხის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ, ციხეში შეზღუდვები დაწესდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ნამურის ციხეში კორონავირუსი 132 პატიმარს დაუდასტურდა. ციხეში დაწესებული შეზღუდვების თანახმად, მათ საკნების დატოვებისა და შხაპის მიღების საშუალება არ ექნებათ, თუმცა ყოველდღიურად დაკავებულებს ცხელ საჭმელსა და ჰიგიენის ნივთებს მიაწვდიან.

ოფიციალური მონაცემებით, ერთ-ერთი ინფიცირებული პატიმარი საავადმყოფოშია გადაყვანილი. პატიმრების გარდა, კორონავირუსი პენიტენციური დაწესებულების 115 თანამშრომლიდან დაახლოებით 60-საც დაუდასტურდა.

ციხის ადმინისტრაციის პრესსპიკერის განცხადებით, მდგომარეობა ძალიან სერიოზულია.

პენიტენციურ დაწესებულებაში ყველანაირი სახის სტუმრობა შეჩერებულია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რამდენიმე დაკავებულის ოჯახის წევრი ციხის გარეთ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად შაბათს შეიკრიბა.

ბელგიაში უკვე ოთხი თვეა, რაც კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებს. ქვეყნის მასშტაბით სტუმარ-მასპინძლობის სექტორი დახურულია, თუმცა ღიაა სკოლები.

ბელგიაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსის 766 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, პანდემიამ 22 ათასზე მეტი პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა.