კრემლის პოზიცია
კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინაში ომის დასრულება ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ჩამოყალიბებას უკავშირდება. მისი თქმით, ეს ორი საკითხი ერთმანეთისგან განუყოფელია. პესკოვის განცხადებით, რუსეთსა და ევროპას შორის ურთიერთობების გაწყვეტის ინიციატორი მოსკოვი არ ყოფილა და დიალოგზე უარი ევროპამ თქვა. მისი თქმით, რუსეთი ევროპელებთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის, თუმცა ამისთვის მეორე მხარის რეალური მზაობა და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე წარმომადგენლებია საჭირო. პესკოვის თქმით, ევროპის ქვეყნების მიერ შერჩეულ წარმომადგენლებს რუსეთთან მოლაპარაკებების დასაწყებად ჯერ არ მიუმართავთ. ამასთან, პესკოვმა აღნიშნა, რომ თუ ევროკავშირს მშვიდობის მიღწევა არ სურს, უკრაინაში ომის დასრულებისა და ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებებს აზრი არ ექნება.