ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ისმაილ ბაღაის განცხადებით, ირანი პასუხისმგებლობას აკისრებს რეგიონის იმ ქვეყნებს, რომლებიც აშშ-სა და ისრაელს ირანზე თავდასხმაში დაეხმარნენ. მისი თქმით, ყველა ასეთი შემთხვევა დოკუმენტირებულია და შესაბამის ქვეყნებს ინფორმაცია დიპლომატიური არხებით უკვე გადაეცათ. ბაღაის განცხადებით, თეირანი ამ საკითხზე მუშაობას გააგრძელებს. ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ თეირანი ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ საკითხებზე ამ ეტაპზე არ მსჯელობს და ურანის გამდიდრების შეჩერებას არ განიხილავს. ამასთან, ბაღაიმ უარყო საფრანგეთის ბრალდებები ირანის მხრიდან კიბერშეტევებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთმა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი კიბერშეტევაში დაადანაშაულა, რომლის შედეგადაც გასულ თვეში, ქვეყნის მასშტაბით, 700 სავაჭრო ობიექტში მაცივრები და საყინულეები გაითიშა. საფრანგეთის პროკურატურის ცნობით, ინციდენტს სურსათის გაფუჭება და ტემპერატურის მატებით გამოწვეული ხანძარიც მოჰყვა.