კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 156 ზუგდიდში დაფიქსირდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 156 ზუგდიდში დაფიქსირდა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ოდიშარიას ინფორმაციით, რეგიონში გამოვლენილი კორონავირუსის 202 შემთხვევიდან, 156 ზუგდიდში დაფიქსირდა.

როგორც ნანა ოდიშარიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ინფიცირებულთა პირველწყარო ძირითადად ოჯახის წევრები, ნათესაური კავშირები და სამსახურებია. თუმცა, მისივე თქმით, არის შემთხვევები, როდესაც ინფიცირების წყარო უცნობია. ამ შემთხვევებზე ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 2 970 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 348 ადამიანი, გარდაიცვალა 22 პაციენტი.

ამასთან, დღეს გამოვლენილი 2 970 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასეთია: თბილისში გამოვლენილია 1 130 შემთხვევა, აჭარაში – 653, იმერეთში – 463, ქვემო ქართლში – 90, შიდა ქართლში – 105, გურიაში – 67, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 202, კახეთში – 94, მცხეთა-მთიანეთში – 93, სამცხე-ჯავახეთში – 49, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 24.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 63 650 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 47 390 გამოჯანმრთელდა, 521 კი გარდაიცვალა.