„კონტი“ აცხადებს, რომ ანაკლიის კონსორციუმიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილება არ შეუცვლია
„კონტი ჯგუფი“ აცხადებს, რომ ანაკლიის კონსორციუმიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილება არ შეუცვლია, – ინფორმაცია თავდაპირველად bm.ge-მ გაავრცელა. მათი ცნობით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის 42 პროცენტიანი წილის მფლობელი კომპანია „კონტი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რის შესახებაც ოფიციალური წერილი მათ ელექტრონული ფოსტით მიიღეს.
საქართველოს პირველი არხი „კონტის“ ოფიციალურ წარმომადგენელს, კოლინ ვაიბლს აშშ-ში დაუკავშირდა, რომელმაც დაადასტურა, რომ გავრცელებული პრესრელიზი და ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება.
„ამ წლის დასაწყისში „კონტი ინტერნეშენელმა“, „კონტი ჯგუფის“ წევრმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებელმა პარტნიორმა მიაღწიეს შეთანხმებას, გაყიდონ საკუთარი წილი ანაკლიის პორტის პროექტში და დატოვონ კონსორციუმი.
მიმდინარე ტრანზაქციას სჭირდება საქართველოს მთავრობის და კონსორციუმის სხვა წევრების შეთანხმება, ამ დრომდე არცერთი ეს შეთანხმება მიღწეული არ არის და მათი მიღწევა ნაკლებსავარაუდოა დათქმულ ვადამდე. შედეგად, ტრანზაქციის დახურვა ვერ მოხერხდება და დახურვის დრო ოქტომბრის ბოლოს ამოიწურება.
მიუხედავად იმისა, რომ კონსორციუმმა ვერ შეასრულა ტრანზაქციის ვალდებულება და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპირისპიროდ, ვაცხადებთ, რომ კონტის პოზიცია უცვლელია. კონტი გააგრძელებს ანაკლიის პორტის პროექტში საკუთარი წილის გასხვისების პროცესს და დატოვებს კონსორციუმს კონსტრუქციულად ისე, რომ ზიანი არ მიაყენოს პროექტის დასრულებას.
ამდენად, კონტი შეასრულებს ყველა იმ პირობას, რაც საჭიროა კონსორციუმის თანმიმდევრულად და განჭვრეტ ვადაში დატოვებისთვის.
„კონსტის“ ყოველთვის სჯეროდა და დღესაც სჯერა ანაკლიის პორტის პროექტის. კონტი მზად არის კონსტრუქციული ურთიერთობებისთვის კონსორციუმთან, საქართველოს მთავრობასთან და მსესხებლებთან იმ პროცესშიც, როცა ის ტოვებს კონსორციუმს და იმედს იტოვებს, რომ კონსორციუმის სხვა წევრები პროექტს უახლოეს მომავალში დაასრულებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ანაკლიის პორტის პროექტის ერთ-ერთი აქციონერის, ამერიკული „კონტი ჯგუფის“ ანაკლიის პორტის პროექტიდან გასვლის შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის აგვისტოში გახდა ცნობილი. დღეს კი ანაკლიის კონსორციუმმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „კონტი ჯგუფი“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აქციონერად რჩებოდა.