კონსტიტუციურ კანონპროექტში გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებულ ჩანაწერზე მსჯელობა პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება
კონსტიტუციურ კანონპროექტში გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებულ ჩანაწერზე მსჯელობა პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენისთვის მხარი დაუჭირა კონსტიტუციური კანონის პროექტს „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ იმ დათქმით, რომ ხვალ, პლენარულ სხდომაზე გაიმართება მსჯელობა გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დღეს, ოპოზიციურ ჯგუფებთან შეხვედრის ფარგლებში „ქართულმა ოცნებამ“ დააფიქსირა კონკრეტული პოზიციები და მოიყვანა კონკრეტული არგუმენტები, თუ რატომ არის ეს ჩანაწერი ამ ფორმით პრობლემატური.

„ჩვენ ვთხოვეთ ოპოზიციური ჯგუფების წარმომადგენლებს ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული კონტრარგუმენტები წარმოედგინათ. შესაბამისად, საკითხი კანონპროექტში მე-13 პუნქტის დარჩენასთან დაკავშირებით, რომელიც გენერალური პროკურორის არჩევის წესს უკავშირდება, პლენარულ სხდომაზე გადაწყდება“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც 19 აპრილის შეთანხმების ანულირება მოხდა, ის ვალდებულება, რომელიც „ქართული ოცნების“ გუნდს ჰქონდა აღებული ამ ცვლილებასთან დაკავშირებით, არ არსებობს და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ახლა უკვე არსებობდეს რაციონალური არგუმენტები ამა თუ იმ ნორმასთან დაკავშირებით.

პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ წარმომადგენლის, ლევან იოსელიანის განცხადებით, კანონპროექტში არსებული ჩანაწერით, სავარაუდოდ გენერალურ პროკურორად ასარჩევ კანდიდატზე შეთანხმება ვერ მოხდება, ისევე როგორ ეს ვერ მოხერხდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევისას.

ფრაქცია „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წარმომადგენელის, შალვა შავგულიძის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივის დაყენება კარგი არ არის.

„მოდით, შევინარჩუნოთ თანმიმდევრულობა და როგორც მოხდა კონსტიტუციური კანონპროექტის ინიცირება ისე დავტოვოთ.  წინააღდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მოხდება მსჯელობა, მაგრამ ეს არ იქნება ამ ქვეყნისთვის სასარგებლო“, – აღნიშნა შალვა შავგულიძემ.

კონსტიტუციური კანონპროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით. თუ პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა ერთი წელია; მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის დგინდება 2%-იანი საარჩევნო ბარიერი და მანდატების პროპორციული განაწილების წესი; მიმდინარე და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს ოთხზე ნაკლები.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.