კონკურენციის სააგენტო - აპრილში რუსეთიდან იმპორტირებული საწვავი 65-თეთრიანი ფასნამატით იყიდებოდა, ბულგარეთიდან იმპორტირებული 16-თეთრიანი, რუმინეთიდან 20-თეთრიანი
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საწვავის ბაზრის 2022 წლის იანვარ-აპრილის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, 2022 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში, ქვეყანაში 22 ეკონომიკური აგენტის მიერ განხორციელდა 385 678 ათასი ლიტრი ბენზინისა და დიზელის იმპორტი.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამი ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ეკონომიკური აგენტის წილი საერთო იმპორტში შეადგენს 69%-ს და სახეზეა ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის არსებობისთვის აუცილებელი ერთ-ერთი პირობა საბაზრო წილების სახით.
საწვავის ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი განხორციელდა რუმინეთიდან – 31.2%, რომელსაც მოყვება ბულგარეთი – 24.1% და რუსეთი – 17.8%.
კონკურენციის სააგენტოს საწვავის ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიშის მიხედვით, ნავთობიმპორტიორები აპრილში რუსეთიდან იმპორტირებულ რეგულარის მარკის საწვავს 65 თეთრიანი ფასნამატით ყიდდნენ, ბულგარეთიდან იმპორტირებულ საწვავზე ფასნამატი 16 თეთრი იყო, ხოლო რუმინეთიდან იმპორტირებულზე 20 თეთრი.