კონგრესმენი დევინ ნუნესი - საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობას განვაგრძობთ
კონგრესმენი დევინ ნუნესი - საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობას განვაგრძობთ

რესპუბლიკელ კონგრესმენ დევინ ნუნესის განცხადებით, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და ამერიკის შეერთებული შტატები დაინტერესებულია, განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან, ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და ურთიერთობების შემდგომი განვითარების პარალელურად.

საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ კონგრესმენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობა გრძელდება.

„ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას. ტრამპის ადმინისტრაცია და რესპუბლიკელები კონგრესში ვცდილობთ და გვსურს,  რომ ნატო (NATO) იყოს უფრო გაძლიერებული და უზრუნველყოფილი, რათა შეძლოს ისეთი ქვეყნების დახმარება, როგორიც საქართველოა. საქართველო დიდ ძალისხმევას სწევს ავღანეთში ტერორიზმის წინააღმდეგ საერთო ბრძოლაში. მოხარული ვარ, რომ შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას, ურთიერთობის გაძლიერებისა და თქვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ფონზე“, – განაცხადა კონგრესმენმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის წარმატებები და სამომავლო გეგმები, ასევე აღინიშნა აშშ-ის მნიშვნელოვანი როლი ევროატლანტიკური მიზნების რეალიზაციის გზაზე. გარდა ამისა, საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას.

ამასთან, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი დავით ზალკალიანი, ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, სენატორებს – ჯინ შაჰინსა და ჯეიმს რიშს შეხვდა.