სენატორი ჯინ შაჰინი - ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსა და ქართველი ხალხის დასავლეთისკენ სწრაფვას
სენატორი ჯინ შაჰინი - ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსა და ქართველი ხალხის დასავლეთისკენ სწრაფვას

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, ვაფასებთ ქართველი ხალხის დასავლურ მისწრაფებას ევროპისკენ, ნატო-სკენ, ამერიკის შეერთებული შტატებისკენ და ევროატლანტიკურ პარტნიორობას. დარწმუნებული ვარ, ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება“, – საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ სენატორმა, ჯინ შაჰინმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დავით ზალკალიანი ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში სენატორებს, ჯინ შაჰინსა და ჯეიმს რიშს შეხვდა.

დავით ზალკალიანის შეფასებით, ეს იყო ძალიან კარგი შეხვედრა, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა.

„გულწრფელი საუბარი მეგობრებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს შორის. კიდევ ერთხელ დავუდასტურე მათ საქართველოს მხარდაჭერა აშშ-ს მიმართ და მათი მხრიდანაც იყო დადასტურებული სტრატეგიული პარტნიორობა“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისი განცხადებით, საქართველო რეგიონში განიხილება მაღალი სტანდარტების დემოკრატიად და სწორედ ამ მაღალი მოთხოვნებისა და მოლოდინებიდან გამომდინარე მომდინარეობს პარტნიორების წერილების სულისკვეთებაც.

„ბუნებრივია, მქონდა კარგი საშუალება, მიმეწოდებინა დეტალური ინფორმაცია ყველა საკითხზე, რომელზეც საუბარი იყო მათ წერილში. ვაცნობე იმ მოლაპარაკების პროცესის შესახებ, რომელიც მიმდინარეობს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ასევე რეკომენდაციების შესახებ, რაც საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებისგან მოდის. სენატორებს დავუდასტურე, რომ საქართველო ერთგულია იმ საერთაშორისო ვალდებულებების, რომელიც არის მთავარი შემადგენელი კომპონენტი ჩვენი ევროპული კურსისა და, რომლის შემადგენელიც არის დემოკრატიული არჩევნები. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით, ეს იყო კარგი შესაძლებლობა, გვესაუბრა ყველა საკითხზე, მათ შორის უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკურ წარმატებებზე. მათ ცხადად დაინახეს, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური ნება, რათა ქვეყანა კიდევ უფრო გაძლიერდეს და წინ წავიდეს, მათ შორის მძლავრი დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით“, – განაცხადა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურმა გაავრცელა.

ამასთან, სენატორებმა, ჯიმ რიშმა და ჯინ შაჰინმა დავით ზალკალიანთან შეხვედრის შესახებ განცხადება გაავრცელეს.