კონგრესმენი ადამ კინზინგერი - პროპორციული სისტემის ჩაგდება პუტინისთვის მირთმეული საჩუქარი იქნება, რაც გაანადგურებს საქართველოს პროგრესს
კონგრესმენი ადამ კინზინგერი - პროპორციული სისტემის ჩაგდება პუტინისთვის მირთმეული საჩუქარი იქნება, რაც გაანადგურებს საქართველოს პროგრესს

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს პარლამენტის მიერ 2020 წელს პროპორციული არჩევნების ჩატარების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას ეხმაურება.

„შოკირებული ვიყავი ამ დილით, როდესაც გავიგე, რომ საქართველოს პარლამენტში დაპირებული რეფორმები ჩავარდა მას შემდეგ, რაც თანამდებობის პირებმა ხმა არ მისცეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. გასულ კვირას საქართველოში ჩემი ვიზიტისას კმაყოფილი ვიყავი, რადგან რეფორმის ეს პაკეტი გარდაუვალი ჩანდა. ეს ვალდებულება აღებული იყო საერთაშორისო საზოგადოების და რაც ყველაზე მთავარია, ქართველი ხალხის წინაშე. იმედი მაქვს, რომ ეს სიტუაცია გამოსწორდება და გამოსწორდება ძალიან მალე.

როდესაც ამ რეგიონს ვუყურებთ, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ რუსეთი წარუმატებელი ქვეყანაა მისი რეპრესიული მმართველობის სისტემის გამო. საქართველო არ არის რუსეთი. ქართველი ხალხი ითხოვს და იმსახურებს გაცილებით მეტს, ვიდრე იმას, რაც დღეს მათ პარლამენტმა უჩვენა.

როგორც საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, მოვუწოდებ საქართველოს ოფიციალურ პირებს, დაუყოვნებლივ განაახლონ მოლაპარაკებები და დაამტკიცონ რეფორმათა ეს პაკეტი. ქართველებს სურთ მთავრობა ხალხის, ხალხისთვის და ხალხი მიერ. მათ სურთ მთავრობა, რომელიც უფრო შეესაბამება დასავლეთს და აღიარებულია, როგორც ნატო-ს მოკავშირე. ამ საკონსტიტუციო დამატების ჩაგდება ვლადიმერ პუტინისთვის მირთმეული საჩუქარი იქნება, რაც გაანადგურებს იმ პროგრესს, რომელიც საქართველომ სრული დამოუკიდებლობისა და აგრესიული მეზობლისგან გამოცალკევებისთვის მიაღწია“, – ნათქვამია ადამ კინზინგერის განცხადებაში.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ასევე უმრავლესობის დეპუტატები – თამარ ხულორდავა, სოფო ქაცარავა, გიორგი მოსიძე, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ზაზა ხუციშვილი და გიორგი ბეგაძე უმრავლესობის რიგებს და საპარლამენტო თანამდებობებს ტოვებენ.

ოპოზიციურმა პარტიებმა კი საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს.