კომუნიკაციების კომისია – წინასაარჩევნოდ ყველაზე მეტი უფასო პოლიტიკური რეკლამა გრიგოლ ვაშაძეს ჰქონდა, ყველაზე მეტი ფასიანი კი, სალომე ზურაბიშვილს

13:13, 03.04.2019

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ორივე ტურის ფარგლებში,  ტელემაუწყებლებში ყველაზე მეტი უფასო პოლიტიკური რეკლამა პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ განათავსა, ხოლო ყველაზე მეტი ფასიანი პოლიტიკური რეკლამა – პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, – ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების ანალიზშია აღნიშნული.

„ორივე ტურის ფარგლებში ყველაზე მეტი უფასო პოლიტიკური რეკლამა გრიგოლ ვაშაძემ განათავსა – 9,752,702 ლარი, დავით ბაქრაძემ – 5,032,654 ლარის, კახა კუკავამ – 3,768,919 ლარის, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა – 2,647,891 ლარის მიახლოებითი ღირებულების რეკლამა განათავსეს“, – აღნიშნულია რეკლამების ანალიზში.

რაც შეეხება ფასიან პოლიტიკურ რეკლამას, კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, ორი ტურის ფარგლებში ყველაზე მეტი ფასიანი პოლიტიკური რეკლამა სალომე ზურაბიშვილმა განათავსა – 4,967,848 ლარი, გრიგოლ ვაშაძემ – 2,383,708 ლარის, ხოლო დავით ბაქრაძემ – 600,555 ლარის ღირებულების რეკლამა.

ამასთან, კომისიის ცნობით, „რუსთავი 2“-მა უფასო პოლიტიკური რეკლამის ლიმიტის გაზრდით, გრიგოლ ვაშაძეს დამატებით 1,281,511 ლარის რეკლამა აჩუქა.

მსგავსი