კომუნიკაციების კომისია - წინასაარჩევნოდ „რუსთავი 2“-ზე ყველაზე მეტი ღირებულების რეკლამა გრიგოლ ვაშაძემ განათავსა, „ტელეიმედზე“ კი, სალომე ზურაბიშვილმა
კომუნიკაციების კომისია - წინასაარჩევნოდ „რუსთავი 2“-ზე ყველაზე მეტი ღირებულების რეკლამა გრიგოლ ვაშაძემ განათავსა, „ტელეიმედზე“ კი, სალომე ზურაბიშვილმა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდის მეორე ტურში ფასიანი პოლიტიკური რეკლამა გრიგოლ ვაშაძემ მხოლოდ „რუსთავი 2“-ის ეთერში განათავსა, რომლის საერთო ღირებულებაც 1,060,017 ლარი იყო. მეორე ტურის ფარგლებში ფასიანი პოლიტიკური რეკლამა ვაშაძეს არც ერთ სხვა ტელემაუწყებელში არ მიუტანია.

ამასთან, კომისიის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის მიერ „რუსთავი 2“-ზე მეორე ტურში განთავსებული ფასიანი რეკლამის ღირებულებამ  454,286 ლარი შეადგინა, ხოლო „ტელეიმედზე“ განთავსებული ფასიანი რეკლამის ღირებულება 730,445 ლარი იყო.

უწყება განმარტავს, რომ „ტელეიმედისა“ და „რუსთავი 2“-ის გარდა, მეორე ტურის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილმა ფასიანი პოლიტიკური რეკლამა შემდეგ სამაუწყებლო არხებზე განათავსა:  „ტვ პირველი“, „მაესტრო“, „ჯიდიეს“ (GDS), „კავკასია“, „ტელეკომპანია დია“, „გურია“, „გურჯაანი“, „ოდიში“, „რიონი“, „თრიალეთი“, „ობიექტივი“, „ქვემო ქართლი“, „ტვ 25“, „პალიტრა ნიუს“, „ფარვანა“, „ეიჯიტვ“ (AG TV), „მარნეული ტვ“, „თანამგზავრი“, „ტოკ ტვ“, „მეცხრე ტალღა“, რომელთა ჯამური ღირებულება 1,195,916 ლარი იყო.

„რუსთავი 2“-ზე ყველაზე მეტი ღირებულების რეკლამა გრიგოლ ვაშაძემ განათავსა – 4,589,869 ლარის, აქედან 2,245,138  ლარის ფასიანი, ხოლო 2,344,731 ლარის უფასო. დავით ბაქრაძემ ჯამში 1,293,181 ლარის რეკლამა განათავსა, აქედან 354,926 ლარის ფასიანი, ხოლო 938,255 ლარის უფასო. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, „რუსთავი 2“-ზე ჯამში 1,229,971 ლარის ღირებულების რეკლამა განათავსა, აქედან 1,090,012 ლარის ფასიანი, ხოლო 139,959 ლარის უფასო.

„ტელეიმედში“ ყველაზე მეტი, 2,003,803 ლარის ღირებულების რეკლამა სალომე ზურაბიშვილმა მიიტანა, საიდანაც 1,632,908 ლარის ფასიანი, ხოლო 370,895 ლარის უფასო რეკლამა იყო. დავით ბაქრაძემ „ტელეიმედზე“ ჯამში – 1,273,317 ლარის ღირებულების რეკლამა განათავსა, აქედან 138,545 ლარი ფასიანი, ხოლო 1,134,772 ლარი უფასო“, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.

2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების ანალიზი კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ჩაატარა. კომისიამ ანალიზი მაუწყებლების მიერ კომისიაში წარდგენილი ყოველკვირეული ფორმების საფუძველზე განახორციელა, რომლის წარდგენაც კომისიაში მაუწყებლებს კანონით ევალებათ. „უფასო პოლიტიკური რეკლამის საბაზრო ღირებულების დადგენა სარეკლამო ჭრებისთვის იმ ღირებულების მინიჭებით განხორციელდა, რომელიც თავად მაუწყებლებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო პროგრამების მიხედვით ჰქონდათ დადგენილი“, – აცხადებს კომუნიკაციების კომისია.

დატოვე კომენტარი