კომუნიკაციების კომისია - 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ტელემაუწყებლებმა ეთერში 30 მილიონი ლარის უფასო პოლიტიკური რეკლამა განათავსეს
კომუნიკაციების კომისია - 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ტელემაუწყებლებმა ეთერში 30 მილიონი ლარის უფასო პოლიტიკური რეკლამა განათავსეს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 2018 წლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავალმა 75,262,955 მილიონი ლარი შეადგინა.

უწყების ინფორმაციით, სარეკლამო შემოსავლებს გარდა, ტელეკომპანიებმა 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებს დაახლოებით 30 მილიონი ლარის უფასო პოლიტიკური რეკლამა განუთავსეს ეთერში. ჯამში, საარჩევნო სუბიექტების ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების საერთო ღირებულებამ დაახლოებით – 38 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც ფასიანი მხოლოდ 8 მილიონი იყო.

„ორივე ტურის განმავლობაში ყველაზე მეტი უფასო პოლიტიკური რეკლამა გრიგოლ ვაშაძემ მიიღო, ჯამში ტელემაუწყებლებმა უფასოდ გრიგოლ ვაშაძეს დაახლოებით 9,752,702 ლარის ღირებულების რეკლამა  განუთავსეს, მეორე ადგილს უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების რაოდენობითა და ღირებულებით  დავით ბაქრაძე იკავებს, რომელმაც დაახლოებით 5,032,654 ლარის უფასო პოლიტიკური რეკლამა მიიღო, მესამე ადგილზე კახა კუკავაა, რომელსაც დაახლოებით 3,768,919 ლარის ღირებულების უფასო პოლიტიკური რეკლამა განუთავსეს, ხოლო მეოთხე ადგილზე სალომე ზურაბიშვილია – 2,647,891 ლარით“, – აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.

რაც შეეხება ფასიან პოლიტიკურ რეკლამას, კომისიის ინფორმაციით, ორივე ტურის განმავლობაში ყველაზე მეტი ფასიანი პოლიტიკური რეკლამა სალომე ზურაბიშვილმა განათავსა – 4,967,848 ლარის, გრიგოლ ვაშაძემ – 2,383,708 ლარის, ხოლო დავით ბაქრაძემ ტელემაუწყებლებში – 600,555 ლარის ღირებულების რეკლამა განათავსა.

„წინასაარჩევნო პერიოდში სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ზე ჯამში ორივე ტურის განმავლობაში საარჩევნო სუბიექტების მიერ ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების საერთო ღირებულებამ 9,174,146 ლარი შეადგინა. აქედან, ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულებამ – 3,744,651 ლარი, ხოლო უფასო პოლიტიკურმა რეკლამამ – 5,429,495 ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში „ტელეიმედზე“ საარჩევნო სუბიექტების მიერ ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების საერთო ღირებულებამ 7,042,253 ლარი შეადგინა. აქედან, ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულებამ – 1,771,453 ლარი, ხოლო უფასო პოლიტიკური რეკლამის – 5,270,800 ლარის იყო“, – აცხადებს კომისია.

2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების ანალიზი კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ჩაატარა. უწყება განმარტავს, რომ კომისიამ ანალიზი მაუწყებლების მიერ კომისიაში წარდგენილი ყოველკვირეული ფორმების საფუძველზე განახორციელა, რომლის წარდგენაც კომისიაში მაუწყებლებს კანონით ევალებათ. „უფასო პოლიტიკური რეკლამის საბაზრო ღირებულების დადგენა სარეკლამო ჭრებისთვის იმ ღირებულების მინიჭებით განხორციელდა, რომელიც თავად მაუწყებლებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო პროგრამების მიხედვით ჰქონდათ დადგენილი“, – აცხადებს კომისია.