კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ Myvideo.ge 3 000 ლარით დააჯარიმა
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ Myvideo.ge 3 000 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებების დარღვევისთვის, კერძოდ, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანსლაციის არამართლზომიერი ჩვენებისთვის Myvideo.ge 3 000 ლარით დააჯარიმა.

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირების შეწყვეტის შესახებ კომპანია „აი თი დი სი“, რომელიც პორტალ Myvideo.ge-ს მფლობელია, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ერთი კვირის წინ გამართულ სხდომაზე გააფრთხილა. გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო, კომისიამ დღეს კომპანიის დაჯარიმებაზე იმსჯელა.

როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა განაცხადა, კომისია მონიტორინგს გააგრძელებს და იმ შემთხვევაში, თუ კომპანია კვლავ არ აღმოფხვრის დარღვევას, უფრო დიდი ფინანსური ჯარიმის დაკისრება მოუწევს.

„ერთი კვირის წინ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ პირველი სანქცია გამოიყენა და საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებების დარღვევისთვის Myvideo.ge გააფრთხილა. გაფრთხილების მიუხედავად, Myvideo.ge -მ გააგრძელა სამართალდარღვევა და მეორე ჯერზე კომისიამ ფინანსური სანქცია დააკისრა მას. კომისია მონიტორინგს გააგრძელებს და იმ შემთხვევაში, თუ კომპანია კვლავ არ აღმოფხვრის დარღვევას, უფრო დიდი ფინანსური ჯარიმის დაკისრება მოუწევს“, – განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა.

მისივე თქმით, Myvideo.ge-ს შეცდომაში შეჰყავს როგორც მომხმარებელი, ასევე დაინტერესებული პირები.

„Myvideo.ge-ს შეცდომაში შეჰყავს როგორც მომხმარებელი, ასევე დაინტერესებული პირები, საუბარია არა დისკრიმინაციულ მიდგომაზე, არამედ ღია ტრანზიტზე. Myvideo.ge ახორციელებს არაკოდირებულ ტრანზიტს და საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველა იმ ტრანზიტორისგან, რომლებიც არაკოდირებულ ტრანზიტს ახორციელებენ, ითხოვს საფეხბურთო მატჩების შეზღუდვას. Myvideo.ge-ს ვურჩევ, რომ დაემორჩილონ საქართველოს კანონს“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები აცხადებენ, მაუწყებელმა ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირების შეზღუდვის მოთხოვნა არამხოლოდ Myvideo.ge-ს, არამედ ყველა ინტერნეტპორტალს გაუგზავნა.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად კარგი ხარისხით მიაწოდოს მაყურებელს მსოფლიო ჩემპიონატი სხვადასხვა პლატფორმაზე. ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, უყუროს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატს როგორც ჩვენი ტელევიზიის, ასევე ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის მეშვეობით“, – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის იურისტმა ელენე მიხაილოვამ.

მისივე თქმით, არასწორი განცხადებები გაკეთდა, თითქოს Myvideo.ge-ს ვუზღუდავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის არხების თავის ვებპლატფორმაზე განთავსებას.

„მათი მომართვის შემდეგ, Myvideo.ge-ს მივაწოდეთ ტექნიკური პარამეტრები და შევთავაზეთ ჩვენი სიგნალის გავრცელების ტექნიკური შესაძლებლობები, რომელიც უზრუნველყოფს მათ ვებპლატფორმაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სიგნალის ტრანსლაციას, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების შეზღუდვით. ამ შემთხვევაში ჩვენ კომპანიას ვედავებით მხოლოდ ფეხბურთის მატჩების ტრანსლაციას, რომელზეც საზოგადოებრივ მაუწყებელს გააჩნია ექსკლუზიური უფლება, როგორც სატელევიზიო ეთერის, ასევე ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის მეშვეობით“, – განაცხადა მიხაილოვამ.

მისივე თქმით, მოთხოვნები ყველა კომპანიის მიმართ ერთნაირია, არ განხორციელდეს იმ ექსკლუზიური პროდუქტის უნებართვოდ ტრანსლაცია, რომლის უფლებასაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ფლობს.

„აბსურდულია განცხადება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უქმნის საფრთხეს, საუბარია მხოლოდ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაციების შეზღუდვაზე. მოთხოვნები ყველას მიმართ ერთნაირია, არ განხორციელდეს იმ ექსკლუზიური პროდუქტის უნებართვოდ ტრანსლაცია, რომლის უფლებასაც ფლობს საზოგადოებრივი მაუწყებელი”, – განაცხადა ელენე მიხაილოვამ.

„აი თი დი სის“ წარმომადგენლები დღევანდელ სხდომას არ დასწრებიან, მათ მარეგულირებელ კომისიას წერილობით აცნობეს, რომ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.

კომპანიამ „აი თი დი სიმ“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დროს Myvideo.ge-ზე პირველი და მეორე არხების გათიშვის მოთხოვნა დისკრიმინაციულია.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მათ განცხადებით უპასუხა და განმარტა, რომ FIFA-ს რეგულაციების თანახმად, საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლება აქვს, მხოლოდ საკუთარ პლატფორმებზე განახორციელოს ჩემპიონატის ტრანსლაცია.

მაუწყებლის განმარტებით, Myvideo.ge ე.წ. პირატულ სიგნალს ავრცელებს.