მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების გამო, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ Myvideo.ge-ს პირველი არხის სიგნალის გათიშვა დაავალა
მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების გამო, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ Myvideo.ge-ს პირველი არხის სიგნალის გათიშვა დაავალა

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების გამო, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ Myvideo.ge-ს პირველი არხის სიგნალის გათიშვა დაავალა. საკითხის განხილვა დღეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მოთხოვნის საფუძველზე გაიმართა.

მაუწყებლის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლირების ექსკლუზიურ უფლებას ფლობენ.

შესაბამისად, მატჩების მსვლელობისას Myvideo.ge-მ და სხვა პორტალებმა სატელევიზიო სიგნალი უნდა შეზღუდონ. ამის გარდა, მაუწყებელში მიაჩნიათ, რომ Myvideo.ge არხის კონტენტს კომერციული მიზნებით იყენებს, როდესაც ვებგვერდზე რეკლამას უშვებს.

Myvideo.ge-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მხოლოდ პირველი არხის სიგნალის რეტრანსლირებას ახორციელებენ, რისი ნებართვაც მაუწყებლისგან 2011 წელს მიიღო.

საბოლოოდ, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ პირველი არხის პოზიცია გაიზიარა, Myvideo.ge-ს მფლობელი კომპანია ITDC წერილობით გააფრთხილა და სატელევიზიო სიგნალის დაუყოვლებლივი შეწყვეტა დაავალა.

Myvideo.ge-ს წერილობითი მიმართვის შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებელი კომპანიას ისეთ სიგნალს მიაწვდის, რომელზეც საფეხბურთო ტრანსლაციები შეზღუდული იქნება.

დღევანდელ სხდომაზე ისიც დადგინდა, რომ აქამდე Myvideo.ge სიგნალს ღია საეთერო წყაროებიდან იღებდა, რაც დარღვევას წარმოადგენს.

Myvideo.ge-ს წარმომადგენლები კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში გეგმავენ.