კომპანია „რემინგტონი“, რომლის მიერ წარმოებული იარაღითაც 2012 წელს სენდი ჰუკის სკოლაში თავდასხმა მოხდა, მსხვერპლთა ოჯახებს 33 მილიონი დოლარის კომპენსაციას სთავაზობს
კომპანია „რემინგტონი“, რომლის მიერ წარმოებული იარაღითაც 2012 წელს სენდი ჰუკის სკოლაში თავდასხმა მოხდა, მსხვერპლთა ოჯახებს 33 მილიონი დოლარის კომპენსაციას სთავაზობს

ცეცხლსასროლი იარაღის მწარმოებელი ამერიკული კომპანია „რემინგტონი“, რომლის მიერ წარმოებული იარაღითაც 2012 წელს სენდი ჰუკის სკოლაში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, 33 მილიონი დოლარის კომპენსაციას სთავაზობს მსხვერპლთა ოჯახებს. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

შეთავაზება მხარემ კომპანიის გაკოტრებასთან დაკავშირებით გამართული სასამართლო მოსმენისას დააყენა. პარალელურად კი სარჩელი აქვს შეტანილი თავდასხმისას დაღუპული 26 მსხვერპლიდან ცხრა გარდაცვლილის ოჯახს. თანხმობის შემთხვევაში, თითოეული მათგანი 3.66 მილიონი დოლარის ოდენობით კომპენსაციას მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ ეს ის თანხა არ არის, რომელსაც ოჯახები მოითხოვდნენ. ისინი კომპენსაციის სახით 225 მილიონ დოლარს ითხოვდნენ, სარჩელების ჯამურმა ღირებულებამ კი, ჯარიმებითა და ხარჯებით, შესაძლოა ერთ მილიარდსაც გადააჭარბოს.

მოსარჩელე ოჯახების მთავარ მიზანს მომავალში სენდი ჰუკის მსგავსი ტრაგედიის პრევენცია წარმოადგენს. ისინი „რემინგტონს“ ერთი მიზეზით უჩივიან: მათ მიაჩნიათ, რომ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის სამოქალაქო პირებზე რეალიზაცია შესაძლებელი არ უნდა ყოფილიყო.

სენდი ჰუკის სკოლაში თავდასხმა 20 წლის ადამ ლანცამ განახორციელა. მან 20-მდე მოსწავლე და ექვსი მასწავლებელი მოკლა, მანამდე კი საკუთარ დედას ესროლა. ლანცამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.