კომპანია „მერკმა“ აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის ავტორიზაციისთვის მიმართა
კომპანია „მერკმა“ აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის ავტორიზაციისთვის მიმართა

კომპანია „მერკმა“ აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის ავტორიზაციისთვის მიმართა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

კომპანიის განცხადებით, აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტოსგან მსუბუქად და ზომიერად დაავადებულ ადამიანებში პრეპარატის საგანგებო გამოყენებისთვის დამტკიცებას ითხოვს. დამტკიცების შემთხვევაში, „მერკის“ პრეპარატი კორონავირუსის სამკურნალოდ პირველი პერორალური მედიკამენტი გახდება.

კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, პრეპარატ მოლნუპირავირის გამოყენება 50 პროცენტით ამცირებს ჰოსპიტალიზაციასა და სიკვდილიანობას კორონავირუსით მსუბუქად და ზომიერად დაავადებულ ადამიანებში.

კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, აბების მიღება შესაძლებელი იქნება სახლში, რაც არა მხოლოდ ხელს შეუწყობს სახიფათო დაავადების ადრეულ განკურნებას, არამედ ხელს შეუწყობს საავადმყოფოების გადატვირთვის თავიდან არიდებას.

კომპანიაში აცხადებენ, რომ დამტკიცების შემთხვევაში, 2021 წლის ბოლომდე 10 მილიონი კურსისთვის საჭირო რაოდენობის მედიკამენტის წარმოებას გეგმავენ.