„კოლხეთი“ თასის ნახევარფინალში მომხდარი ინციდენტისთვის დაისაჯა - ფოთელები „მერანთან“ შეხვედრას უმაყურებლოდ ჩაატარებენ #1TVSPORT
ეროვნულ ლიგა 2-ში 33-ე ტურის ბოლო მატჩი 11 ნოემბერს „ფაზისი არენაზე“ გაიმართება, ფოთის „კოლხეთი“ მარტვილის „მერანს“ უმასპინძლებს. შეხვედრა უმაყურებლოდ ჩატარდება – ინფორმაციას „კოლხეთის“ პრესსამსახური ავრცელებს.
„სამწუხაროდ, ბათუმის „დინამოსთან“ საქართველოს თასის ნახევარფინალში მომხდარი ინციდენტის გამო ფოთის „კოლხეთი“, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის მიერ გამოტანილი ვერდიქტის თანახმად, ერთი მატჩით დისკვალიფიცირებულია. გუნდი მარტვილის „მერანთან“ შეხვედრას მაყურებლების გარეშე ჩაატარებს“, – წერია კლუბის ვებგვერდზე.
ამის მიუხედავად, „ კოლხეთის“ ქომაგები თამაშზე მოხვედრას ცდილობენ, რადგან ეროვნულ ლიგა 2-ში სამი ტურია დარჩენილი, გუნდი კი ეროვნულ ლიგაში დასაბრუნებლად იბრძვის და ქომაგის ინტერესი გასაგებია.
კლუბმა საგანგებო მიმართვა გაავრცელა.
„მოგიწოდებთ, თავი შევიკავოთ მარტვილის „მერანთან“ მატჩზე დასწრების მცდელობისაგან, რათა სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუგებარი და საკამათო ვითარება არ შეიქმნას. მივიღოთ სპორტულ-ტექნიკური კომისიის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი გუნდის მისამართით ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით შემოიფარგლა და ნუ გვაკეთებთ ისე, რომ სადისციპლინო კომიტეტს ბევრად მკაცრი სასჯელის საფუძველი მივცეთ. მაშინ დადგება საშიშროება, მომავალი სეზონის საწყისი შეხვედრებიც ნეიტრალურ სტადიონზე ჩავატაროთ.
გუნდისადმი გულშემატკივრის მოჭარბებულ ინტერესს გაგებით ვეკიდებით. ბუნებრივია, ეს გვახარებს და ამიტომაც მოგიწოდებთ და გთხოვთ, ვიმოქმედოთ არსებული დებულების თანახმად. გვჯერა, რომ თქვენთან ერთად „კოლხეთი“ უახლოეს მომავალში არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს. ორგანიზებული იქნება პირდაპირი რეპორტაჟი, რომელიც, ჩვეულებრივ, მატჩის დღეს, 14:30 საათიდან დაიწყება“, – წერია „კოლხეთის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.