„კოლხეთი“ ფოთში დაბრუნებამდე გულშემატკივრებს მიმართავს - ქომაგთა ქმედება კანონის ჩარჩოებში უნდა იყოს მოქცეული #1TVSPORT
„კოლხეთი“ ფოთში ბრუნდება და ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის მატჩს მშობლიურ სტადიონზე ჩაატარებს. კახა ჩხეტიანის გუნდი 28 მარტს „გაგრას“ უმასპინძლებს. ამასთან დაკავშირებით კლუბმა გულშემატკივრებს მოუწოდა, პრობლემების თავიდან ასაცილებლად უეფა-ს გამკაცრებულ რეკომენდაციებს დაემორჩილონ.
„28 მარტს ჩვენს ქალაქში შვიდწლიანი პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგა ბრუნდება. წინა წლებში ჩვენმა ქომაგებმა არაერთხელ დაამტკიცეს გუნდისადმი ერთგულება, რისი ნათელი მაგალითიც იყო ანშლაგის პირობებში ფოთში ჩატარებული სათასო მატჩები, ხოლო 2023 წლის სეზონის ბოლოს საგარეჯოში ჩატარებულ მატჩში ქომაგთა რაოდენობა ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში სამაგალითოდ კიდევ დიდხანს დარჩება.
ამ დადებითი მოვლენების ფონზე იყო არასახარბიელო ფაქტებიც, რომლებიც მაყურებლების მატჩისშემდგომ მოედანზე გადმოსვლაში გამოიხატა. ეს კი კატეგორიულად დაუშვებელია. ჩვენ გვესმის, რომ მსგავსი ქმედება სიხარულითაა გამოწვეული. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ქომაგთა ქმედება კანონის ჩარჩოებში უნდა იყოს მოქცეული, წინააღმდეგ შემთხვევაში მყისიერად ამოქმედდება სტადიონზე უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებული უეფა-ს გამკაცრებული კანონები, რაც გამოიწვევს კლუბის არამარტო ფულად დაჯარიმებას, არამედ სტადიონის დისკვალიფიკაციასაც (შემდგომი მატჩების ცარიელ ტრობუნებზე ჩატარებას). ამით დაზარალდება გუნდი, ქომაგი და ზოგადად ქალაქი.
იმედს ვიტოვებთ რომ „კოლხეთის“ გულშემატკივარი გაგებით მოეკიდება ჩვენს მოწოდებას და კიდევ ერთხელ სამაგალითო ქომაგობით გამოიჩენს თავს რაც ადრეც უამრავჯერ გაუკეთებია“, – წერია „კოლხეთის“ მიმართვაში.