„კოლხეთი“ ადასტურებს, რომ კენიის ნაკრების მცველმა კლუბი დატოვა
„კოლხეთი“ ადასტურებს, რომ კენიის ნაკრების მცველმა კლუბი დატოვა

ერიკ ოტიენო ოუმა მესამე კენიელი ლეგიონერია, რომელმაც ფოთის „კოლხეთი“ დატოვა. 2017 წელს კოლხებმა ოთხი აფრიკელი ფეხბურთელი ჩამოიყვანეს.

შარშან ზაფხულში გუნდი სენეგალელმა არფანგ დაფემ დატოვა და ირანში სკანდალურ ვითარებაში წავიდა. 19 წლის მცველი, ამოს ნონდი ობიერო ფოთელებს წლეულს დაემშვიდობა და გორის „დილაში“ ჩაირიცხა. იგივე პერიოდში „კოლხეთიდან“ 19 წლის კენიელი ნახევარმცველი ჯონ მაჩარია წამოვიდა და ახლახანს „საბურთალოში“ ჩაირიცხა.

ყველაზე გაურკვეველი „კოლხეთის“ 21 წლის მარცხენა მცველის, ოუმას საკითხი იყო. ის საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში იშვიათი ლეგიონერი იყო, რომელსაც საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში სისტემატურად იწვევდნენ.

ოუმა, რომელსაც „კოლხეთთან“ ორწლიანი კონტრაქტი აკავშირებდა, ფოთში ახალი წლის შემდეგ არ გამოჩენილა. თუმცა, ფოთელებმა მხოლოდ ახლა დაადასტურეს, რომ კენიის ნაკრების ფეხბურთელმა გუნდი დატოვა.

ოუმას „კოლხეთთან“ კონტრაქტი აკავშირებდა, მაგრამ გუნდში აღარ არის. თუმცა უცნობია, კარიერას რომელ ქვეყანასა და გუნდში გააგრძლებს“, – ამბობს „კოლხეთის“ პრესსამსახურის უფროსი გია ეჯიბია.