კობიაშვილმა „ავაზას“ განახლება დააანონსა - ჩემთვის ძალიან ემოციურია ეს გადაწყვეტილება, რადგან ფეხბურთზე ამ სკოლაში დავდიოდი #1TVSPORT
კობიაშვილმა „ავაზას“ განახლება დააანონსა - ჩემთვის ძალიან ემოციურია ეს გადაწყვეტილება, რადგან ფეხბურთზე ამ სკოლაში დავდიოდი #1TVSPORT

მიხეილ მესხის მიერ დაარსებულ საფეხბურთო სკოლა „ავაზას“ ადგილზე კორპუსებს აღარ ააშენებენ, საფეხბურთო ცენტრი კი განახლდება – ეს შესანიშნავი სიახლე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გაავრცელა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ფეხბურთის ფედერაცია „ავაზას“ სპორტული ცენტრის რეაბილიტაციას შეძლებს. საფეხბურთო სკოლა, რომელსაც წლების განმავლობაში უამრავი ფეხბურთელი აღუზრდია, სამწუხაროდ, სავალალო მდგომარეობაში იმყოფება. თბილისის მერიის დახმარებით, სპორტული სკოლის ტერიტორია ფეხბურთის ფედერაციას, საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებით გადმოეცემა. როგორც იცით, ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი საფეხბურთო სტადიონების შენარჩუნება და მშენებლობაა, რათა უფრო მეტ ბავშვს და ფეხბურთის მოყვარულს მივცეთ ამ სპორტში ჩართვის შესაძლებლობა“, – წერს ლევან კობიაშვილი.

სფფ-ის პრეზიდენტმა, რომელიც სწორედ „აზავას“ აღზრდილია, ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ემოციური მომენტიც აღნიშნა.

„პირადად ჩემთვის, ძალიან ემოციურია ეს გადაწყვეტილება, რადგან 6 წლიდან ამ სკოლაში დავიწყე ფეხბურთზე სიარული. სწორედ აქ დავიწყე ფეხბურთელად ჩამოყალიბება და უამრავი საფეხბურთო მოგონება მაკავშირებს მასთან. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და პირადად კახი კალაძეს ამ არაჩვეულებრივი საქმისთვის. მიხარია, რომ „ავაზას“ საფეხბურთო სკოლის სახით მალე ჩვენ დედაქალაქს კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო ცენტრი ექნება“.

კობიაშვილის თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტები სფფ-ისთვის უმნიშვნელოვანესია.

„მოგეხსენებათ, რომ მსგავსი პროექტები ქალაქის მუნიციპალიტეტთან და სახელმწიფოსთან თანამშრომლობით წარმატებით განვახორციელეთ გლდანში, ვარკეთილში, ნუცუბიძის პლატოზე და ვაკეში. ასევე მიმდინარეობს საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა დიდ დიღომში, სადაც მიტოვებული სტადიონის ადგილას ადგილობრივი ბავშვებისთვის ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონი შენდება. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ რეგიონებშიც. ფოთში „მალანიას“ სტადიონის ადგილზე, ახალი საფეხბურთო ცენტრი ავაშენეთ, საქართველოს ოთხ რეგიონში უკვე ფუნქციონირებს საფეხბურთო აკადემიები, ამჟამად კი ქუთაისში იმერეთის აკადემიის მშენებლობა მიმდინარეობს“.

მიხეილ მესხის დაარსებულ საფეხბურთო ცენტრში აღიზარდნენ მიხეილ მესხი, ძმები არველაძეები, ლევან კობიაშვილი, ლევან ცქიტიშვილი… „ავაზა“ 2012 წელს კომპანია „ვისოლს“ გადაეცა, რომელიც შემდეგ ფეხბურთით უფრო მასშტაბურად დაინტერესდა და ქუთაისის „ტორპედო” ჩაიბარა და საფეხბურთო სკოლა „ტორპედო-ავაზად“ გადაკეთდა.

სკოლის განკარგულებაშია სამი ხელოვნურსაფრიანი მოედანი, აქედან ერთი სტანდარტულია, დანარჩენები – მინი-მოედნებია, ადმინისტრაციული შენობა და გასახდელები. სტანდარტულ მოედანზე „ავაზას“ მოსწავლეების გარდა, ხშირად რეგიონული ლიგის მატჩებიც იმართება.