კობიაშვილი ლეგიონერებს ურჩევს ფიფა-ს დადგენილებით ისარგებლონ - ეს შანსი გამოიყენოს ყველამ, ვისაც რუსულ კლუბებთან ვალდებულება აკავშირებს #1TVSPORT
კობიაშვილი ლეგიონერებს ურჩევს ფიფა-ს დადგენილებით ისარგებლონ - ეს შანსი გამოიყენოს ყველამ, ვისაც რუსულ კლუბებთან ვალდებულება აკავშირებს #1TVSPORT

ლევან კობიაშვილი გამოეხმაურა ფიფა-ს ახალ გადაწყვეტილებას, რომელმაც რუსული კლუბების ლეგიონერებს კონტრაქტის 2023 წლის 30 ივნისამდე შეჩერების შესაძლებლობა მისცა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა რუსეთში მოთამაშე ქართველ ლეგიონერებს, მოუწოდა, კლუბები დატოვონ და ევროთასებამდე ქართული გუნდები გააძლიერონ.

„მივესალმები ფიფა-ს დღევანდელ განცხადებას. უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ფიფა-მ გაახანგრძლივა გადაწყვეტილება და ფეხბურთელებს რუსულ კლუბებთან კონტრაქტის 2023 წლის 30 ივნისამდე შეჩერების შესაძლებლობა მისცა. სურვილის შემთხვევაში, ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე ფეხბურთელსა და მწვრთნელს, სანქციის გარეშე შეუძლია საკუთარ კლუბთან კონტრაქტი შეაჩეროს.

მნიშვნელოვანია, რომ ეს შანსი გამოიყენოს ყველამ, ვისაც რაიმე სახის ვალდებულება აკავშირებს რუსულ კლუბებთან. განსაკუთრებით იმ ვითარების გათვალისწინებით, რის წინაშეც დღეს ჩვენი მეგობარი ქვეყანა, უკრაინა დგას. არჩევანის გაკეთებისას თითოეულმა ფეხბურთელმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი.

ფიფა-მ ეს გადაწყვეტილება პირველად რამდენიმე თვის წინ მიიღო და ამით უკვე ისარგებლა არაერთმა ფეხბურთელმა. მათ როგორც ევროპულ, ისე ქართულ კლუბებში გააგრძელეს თამაში. იმედი მაქვს, ამ პროცესში ახლაც აქტიურად ჩაერთვებიან ქართული კლუბები და ახალგაზრდა ნიჭიერ ქართველ მოთამაშეებს ჩვენ ჩემპიონატში ვიხილავთ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რამდენიმე კვირაში ქართულ კლუბებს ევროტურნირების მატჩები ელოდებათ“, – აცხადებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.