კობა ნაყოფია - მიხეილ სააკაშვილს რამდენჯერმე აქვს ნათქვამი, რომ გირგვლიანის შემთხვევაში სხვა ტიპის გადაწყვეტილებები უნდა მიეღო, ამაში ახალი არაფერია
კობა ნაყოფია - მიხეილ სააკაშვილს რამდენჯერმე აქვს ნათქვამი, რომ გირგვლიანის შემთხვევაში სხვა ტიპის გადაწყვეტილებები უნდა მიეღო, ამაში ახალი არაფერია

თავიდან ბოლომდე გადართული ვარ ამ საარჩევნო პროცესზე და არ მსურს, ვისაუბრო, თუ ვის გულისხმობდა მიხეილ სააკაშვილი ინტერვიუში, თავად ალბათ უფრო მკაფიო კომენტარს გააკეთებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა.

„ვაკვირდებოდი, ვკითხულობდი სხვადასხვა მედიაში ამბავს, როგორც ვიცი, თავად გიული ალასანიას განცხადებაც გავრცელდა ამაზე, ალბათ თავად გააკეთებს ამაზე მიხეილ სააკაშვილი განმარტებას. მე თავიდან ბოლომდე გადართული ვარ საარჩევნო პროცესზე და არ მსურს, ვისაუბრო იმაზე, თუ ვის გულისხმობდა მიხეილ სააკაშვილი ამ შემთხვევაში. თავად ალბათ უფრო მკაფიო კომენტარს გააკეთებს“, – განცხადა ნაყოფიამ.

კითხვაზე, ინტერვიუს რეაქციები მოჰყვა მერაბიშვილისგან, შაშკინისგან, ცისკარიშვილისგან, სადაც თქვეს, რომ არჩევნების გამო ასე მოქცევა არ შეიძლება, კობა ნაყოფიამ აღნიშნა: „მე არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, პარტიიდან, პარტიის ლიდერებისგან მე განცხადებები არ მომისმენია, მსგავსი ბრალდებები ან მიხეილ სააკაშვილის სიტყვების თუ მისი ინტერვიუს ინტერპრეტაციები ნამდვილად არ მომისმენია პარტიის ლიდერებისგან, ახლა თუ სოციალურ მედიაში ვინმე რამეს დაწერს, ამას, ჩემი აზრით, პარტიასთან არნაირი კავშირი არ უნდა ჰქონდეს“.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილთან ამ საკითხზე არ ჰქონია საუბარი. „როდესაც მე მასთან მივდიოდი – ეს იყო პენიტენციური თუ საავადმყოფო – ნამდვილად არ მქონია მასთან ამ თემაზე საუბარი“,- აღნიშნა ნაყოფიამ.

როგორც კობა ნაყოფიამ აღნიშნა, უსაფუძვლოდ მიხეილ სააკაშვილი არაფერს ამბობ, ის საკმაოდ ინფორმირებული და დაკვირვებული ადამიანია, მას საკმაო გამოცდილებაც აქვს, ესა თუ ის განცხადება როდის, როგორ და რატომ გააკეთოს.

„მიხეილ სააკაშვილი რას გულისხმობდა, მე დარწმუნებული ვარ, ის აუცილებლად განმარტავს და არ მინდა, ჩემი ვარაუდები გამოვთქვა. ვარაუდებით ასეთ მძიმე ბრალდებაზე საუბარი არ შეიძლება, არცერთი ჩემი კოლეგა და არც ჩვენი თანამებრძოლი არ მინდა, დავადანაშაულო, რაზეც მე ინფორმაცია არ მაქვს და მე თავად არ ვარ დარწმუნებული. უსაფუძვლოდ მიხეილ სააკაშვილი არაფერს ამბობს. მოგეხსენებათ, ის საკმაოდ ინფორმირებული ადამიანია და საკმაოდ დაკვირვებული, მას საკმაო გამოცდილებაც გააჩნია, ესა თუ ის განცხადება როდის, როგორ და რატომ გააკეთოს, ალბათ თვითონ განმარტავს.

არ შევალ მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს ინტერპრეტირებაში. რაც შეეხება სინანულს, მისი პირველი განცხადება არ არის ამასთან დაკავშირებით, მას რამდენჯერმე აქვს ნათქვამი, რომ გირგვლიანის შემთხვევაში მას სხვა ტიპის გადაწყვეტილებები უნდა მიეღო. ეს პირველად არ აქვს ნათქვამი და ახალი არაფერია ამაში“, – განაცხადა ნაყოფიამ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ გუშინ გამოცემა „შპიგელში“ გამოქვეყნდა. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს: „არ არის გამორიცხული, ზოგიერთი მათ შორის, ვინც 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩემს დაბრუნებას გეგმავდა, რუსეთის ჩანერგილი აგენტი იყო“.

ამასთან, ინტერვიუში სააკაშვილი აცხადებს, რომ გირგვლიანის შემთხვევა არაობიექტურად შუქდებოდა, „დღეს ვნანობ, რომ მაშინ შს მინისტრი არ გავათავისუფლე“.