კობა კობალაძეს დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე თავდასხმის შესაძლო მიზეზებზე  საუბარი უჭირს 
კობა კობალაძეს დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე თავდასხმის შესაძლო მიზეზებზე  საუბარი უჭირს 

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატს კობა კობალაძეს დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე თავდასხმის შესაძლო მიზეზებზე  საუბარი უჭირს.

კითხვაზე, ხომ არ ჰქონდა დოდო გუგეშაშვილის ოჯახს ბოლო დროს პრობლემები და რა კავშირში შეიძლება იყოს მომხდართან, კობა კობალაძემ თქვა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

“მოხდა შემზარავი ფაქტი. ზუსტად იმდენი ვიცი, რაც თქვენ. მეგობრებს ვესაუბრე, საავადმყოფოში მივიდნენ და გაერკვევიან. ალბათ შესაბამისი მოკვლევა განხორციელდება. უფრო კონკრეტული პასუხები და სავარაუდო ვერსიებიც გვეცოდინება. დოდო გუგეშაშვილთან ჩვენ გვქონდა ურთიერთობის გარკვეული ისტორია. იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში აქტიურად ჩართული. საკმაოდ კარგი პროფესიონალი იყო კავშირგაბმულობის სისტემის და ა.შ. ერთ რამეს გეტყვით,  ვეტერანთა კატეგორია სულ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს არის საზოგადოების ის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც აქვს დამსახურება ქვეყნის წინაშე და არ არის სათანადო ყურადღება მათ სოციალურ მდგომარეობაზე. ნელ-ნელა სწორდება ეს საკითხი.  კონკრეტულად როგორი პრობლემები ჰქონდა დოდო გუგეშაშვილს, ამაზე ინფორმაციას არ ვფლობ. ერთმანეთს ვეხმარებოდით, ვანუგეშებდით. საკმაოდ ბევრს აქვს სოციალური პრობლემები, მაგრამ რამ გამოიწვია ეს კონკრეტული ფაქტი,  ვერ გეტყვით”, – განაცხადა კობა კობალაძემ.

აფხაზეთის ომის ვეტერანს, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში დღეს დილით ესროლეს.