კობა გვენეტაძე - საშუალოვადიან პერიოდში, გაცვლით კურსზე არანაირი გავლენა არ აქვს ინტერვენციებს, რომელსაც ეროვნული ბანკი ახორციელებს
კობა გვენეტაძე - საშუალოვადიან პერიოდში, გაცვლით კურსზე არანაირი გავლენა არ აქვს ინტერვენციებს, რომელსაც ეროვნული ბანკი ახორციელებს

საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსია, ამიტომ კურსთან დაკავშირებით რამე ნიშნული არ გვაქვს, რაც შეეხება საერთაშორისო რეზერვებს, საქართველოს ეროვნულ ბანკს რეზერვების მოცულობა არაადეკვატური ჰქონდა, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, დეპუტატ რომან გოცირიძის კითხვის პასუხად.

რომან გოცირიძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ჰკითხა, რა არის ერონული ბანკისთვის მთავარი  – ლარის კურსის, ფასების სტაბილურობა თუ საერთაშორისო რეზერვების შევსება. მისი თქმით, გასულ კვირებში ლარის გაუფასურების ტენდენცია იყო, შემდეგ დაიწყო გამყარება და ეროვნულმა ბანკმა ეს შეაჩერა.

კობა გვენეტაძის განცხადებით, რეზერვები ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობა შენარჩუნდეს.

მისი თქმით, საშუალოვადიან პერიოდში, გაცვლით კურსზე არანაირი გავლენა არ აქვს ინტერვენციებს, რომელსაც ეროვნული ბანკი ახორციელებს

„სარეიტინგო კომპანიების შეფასებებში ყოველთვის ხაზგასმულია, რამდენად ადეკვატურია ეროვნული ბანკის რეზერვები. აქედან გამომდინარე მაშინ, როდესაც არის საშუალება, რეზერვებს ვაგროვებთ. როგორც წესი, ინტერვენციის პერიოდში, კურსის მიმართულება  არ იცვლება. საშუალოვადიან პერიოდში, გაცვლით კურსზე არანაირი გავლენა არ აქვს იმ ინტერვენციებს, რომელსაც ეროვნული ბანკი ახორციელებს და ეს კურსის გრძელვადიან სტაბილურობას უწყობს ხელს“, – განაცხადა გვენეტაძემ.

მისი განმარტებით, ერთ-ერთი პოპულარული იდეაა პროცესში ეროვნული ვალუტის გაუფასურების დაწყებისთანავე ჩარევა, თუმცა ეს კონტრპროდუქტიულია.

„საქართველოს სავალუტო ბაზარი არ არის ისეთი მცირე, როგორიც ადრე იყო, როდესაც კურსის ფორმირებაზე რამდენიმე მილიონს შეეძლო გავლენა მოეხდინა. აქედან გამომდინარე, გაუფასურების დროს ინტერვენცია კონტრპროდუქტიულია, თუ განსაკუთრებით დიდ ერთჯერად მოვლენასთან არ გვაქვს საქმე. გაუფასურების შემთხვევაში, მოკლევადიან რყევებზე მოლოდინების ჩასაქრობად ჩარევა კონტრპროდუქტიულია, რადგან აღვივებს სპეკულაციურ მოლოდინებსა და უფრო მეტ გაუფასურებას იწვევს“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

ამასთან, მისი თქმით, აუცილებელია, ეროვნულმა ბანკმა უცხოური ვალუტა შეიძინოს.

„გარდა ამისა, ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტას თუ არ შეიძენს და კურსს მოკლევადიან პერიოდში უფრო მეტად გამყარების საშუალებას მისცემს, ამან შეიძლება, ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის შემცირება გამოიწვიოს“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.

მიმდინარე წლის 6 ივნისს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა  სავალუტო აუქციონზე 10 000 000 აშშ დოლარი იყიდა, 7 ივნისს კი, 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.