კობა გვენეტაძე - საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესება საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების ყველაზე კარგი ინდიკატორია
კობა გვენეტაძე - საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესება საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების ყველაზე კარგი ინდიკატორია

საერთაშორისო ინვესტორებისთვის, მაკროეკონომიკური სტაბილურობის და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების ყველაზე კარგი ინდიკატორი საერთაშორისო სუვერენული საკრედიტო რეიტინგებია, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომელიც „სტანდარტ ენდ ფუარსის“ (S&P Global Ratings) მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესებას გამოეხმაურა.

გვენეტაძის თქმით, საინვესტიციო რეიტინგის გაუმჯობესება მისასალმებელია.

მისივე შეფასებით, რეიტინგს გაუმჯობესებაში, მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიების გარდა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულმა თანმიმდევრულმა პოლიტიკამ.

„სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო რეზერვების დაგროვება ხელს შეუწყობს საგარეო სექტორიდან მომდინარე რისკების შემცირებას. მცურავი გაცვლითი კურსი და ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანი პოზიტიური ფაქტორებია. რაც შეეხება დოლარიზაციას, მისი მაღალი დონე კვლავ გამოწვევად რჩება, თუმცა მთავრობისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი ღონისძიებებით, დოლარიზაციას შემცირების ტენდენცია აქვს და ასევე გაგრძელდება, რაც თავის პოზიტიურ წვლილს აუცილებლად შეიტანს რეიტინგის მომავალ გაუმჯობესებაში.

ვიმედოვნებთ, რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენ შევძლებთ, რომ ქვეყანამ მიაღწიოს BBB- ე.წ. „საინვესტიციო რეიტინგს“, რომელიც, თავის მხრივ, ინვესტიციების ზრდის და მდგრადი ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება“, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „სტანდარტ ენდ ფუარსმა“ (Standart & Poor’s) საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით, „BB“-მდე (ბიბი) გაზარდა, პროგნოზით „სტაბილური“. ეს პირველი გაუმჯობესებაა 2011 წლის შემდეგ, როდესაც საქართველოს რეიტინგი „BB-“ (ბიბი მინუსი) მიენიჭა.