კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში მომზადებული ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში მომზადებული ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საქართველოს „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილების პროექტის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს, – ამის შესახებ განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა უზენაესი სასამართლოს შენობასთან გააკეთეს.

როგორც კოალიციის წევრები ამბობენ, კანონპროექტი, რომელიც არჩილ თალაკვაძემ წარმოადგინა, არის ფრაგმენტული და ვერ უზრუნველყოფს არსებითი ცვლილებების განხორციელებას უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევ პროცესზე. კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მსგავსი კანონპროექტების ნაცვლად შექმნას რეალური სამუშაო პროცესები და იზრუნოს სასამართლო პროცესებში განსახორციელებელ ცვლილებებზე.

„დღეს კოალიციის წარმომადგენელი ორგანიზაციები შევიკრიბეთ აქ, უზენაესი სასამართლოს წინ, რათა საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვუთხრათ, რომ კოალიცია არ აპირებს შეხვედრაში მონაწილეობას, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე დღეს, ცოტა უფრო ფართო საზოგადოებას წარმოუდგენს „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ფრაგმენტულ ცვლილებებს, რომელიც ვერ უზრუნველყოფს როგორც თავად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შესარჩევი კონკურსის და პროცედურის დახვეწას, ისევე ზოგადად სასამართლო სისტემაში რაიმე ტიპის დადებითი ცვლილებების განხორციელებას. შესაბამისად, ჩვენ ვდგავართ დღეს აქ და ეს არის ჩვენი მხრიდან გამოხატული პროტესტის ერთ-ერთი ფორმა. არ გავურბივართ პასუხისმგებლობას მონაწილეობა მივიღოთ ნებისმიერი სახის ფორმატში, რომლის რეალურ მიზანსაც წარმოადგენს რეალური და არსებითი ცვლილებების განხორციელება სასამართლო სისტემაში. ხოლო ის კანონპროექტი, რომელიც დღეს უნდა წარმოადგინოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არის ფრაგმენტული და იგი ნამდვილად ვერ უზრუნველყოფს ვერანაირი არსებითი ცვლილებების განხორციელებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევ პროცედურაში“, – განაცხადა საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის წარმომადგენელმა, გვანცა წულუკიძემ.

პარლამენტში „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში მომზადებულ ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე და დიპლომატიური კორპუსის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.