კლოპი გერმანიის ნაკრებში მნიშვნელოვან უფლებამოსილებებს მიიღებს #1TVSPORT
იურგენ კლოპი მნიშვნელოვან უფლებამოსილებებს მიიღებს, თუ გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობას დათანხმდება.
რამდენიმე გერმანელი ჟურნალისტის, მათ შორის, ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, „ლივერპულის“ ყოფილ დამრიგებელს საშუალებას მისცემენ, ფუნდამენტალურად შეცვალოს და გარდაქმნას გუნდის მუშაობა. კლოპი ასევე შეძლებს ნაკრებში საკუთარი გუნდის წევრების მიყვანას.
ვარაუდობენ, რომ მასთან ერთად ბუნდესნაკრებში მივა მისი მრავალწლიანი ასისტენტი პეტერ კრავიცი, ასევე კლოპის გუნდის წევრები იქნებიან პეპ ლეინდერსი და ჟოლტ ლიოვი.
ჯერჯერობით გარკვეული არ არის ნაკრების სპორტული დირექტორის, რუდი ფიოლერის მომავალი. ამასთან, გერმანიის საფეხბურთო კავშირში მიიჩნევენ, რომ ფიოლერისა და კლოპის დუეტს შეუძლია, ეფექტურად იმუშაოს, მინიმუმ, ევრო 2028-მდე.
კლოპის ხელმძღვანელობითა და მითითებებით, გერმანიის საფეხბურთო კავშირი აპირებს, გერმანული ფეხბურთის ფუნდამენტალური პრობლემების მოგვარება დაიწყოს. ეს არის საერთო სათამაშო სტილი, სანაკრებო სისტემა და ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარება.