კლინიკა „თიმის“ დირექტორი - ამ დრომდე ექიმებისა და პაციენტებისთვის კორონავირუსზე ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია
კლინიკა „თიმის“ დირექტორი - ამ დრომდე ექიმებისა და პაციენტებისთვის კორონავირუსზე ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია

კლინიკა „თიმის“ დირექტორის გიორგი კაჭახიძის ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს კლინიკის მედპერსონალისა და პაციენტების გამოკვლევა. როგორც გიორგი კაჭახიძემ აღნიშნა, კლინიკა გუშინ დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევის გამო კვლავ დაკეტილია.

„ერთ-ერთ ჩვენ ექიმს დაუდასტურდა კორონავირუსი, აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეწყდეს პაციენტთა მიღება. ის თანამშრომლები, რომლებიც შემხებლობაში იყვნენ ამ ექიმთან, არიან თვითიზოლაციაში. დანარჩენი თანამშრომლები რჩებიან კლინიკაში. ისინი იმ პაციენტებს უვლიან, რომელთა გადაყვანაც ჯერ ვერ ხერხდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჩართულია, მიმდინარეობს ტესტირება და იკვლევენ რამდენიმე თანამშრომელსა და პაციენტს, ვისზეც შეიძლებოდა ეჭვი ყოფილიყო ან რაიმე სიმპტომი ჰქონდათ, ან შემხებლობა ჰქონდა ახლო ინფიცირებულ ექიმთან“, – განაცხადა კლინიკა „თიმის“ დირექტორმა გიორგი კაჭახიძემ.

​მისივე ინფორმაციით, ამ დრომდე ექიმებისა და პაციენტებისთვის კორონავირუსზე ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.

„ჯერჯერობით რა პასუხიც გვქონდა, არის უარყოფითი, მათ შორის პაციენტებისაც. დიდი იმედი მაქვს, რომ პაციენტებში მსგავსი დიაგნოზი არ გამოვლინდება. დღის განმავლობაში ველოდებით რამდენიმე თანამშრომლის და პაციენტის პასუხს. მე თვითონაც ჩავიტარე ანალიზი და უარყოფითია, თუმცა მაინც არის რეკომენდაცია, რომ ორი კვირა ვიყო თვითიზოლაციაში“, – განაცხადა გიორგი კაჭახიძემ.

დატოვე კომენტარი