კლინიკა „თიმის“ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა, საავადმყოფო ორი კვირით დაიხურა, 30-მდე ექიმი კარანტინში იმყოფება
კლინიკა „თიმის“ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა, საავადმყოფო ორი კვირით დაიხურა, 30-მდე ექიმი კარანტინში იმყოფება

კლინიკა „თიმის“ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას საეჭვო სიმპტომები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აღენიშნებოდა.

კლინიკის დირექტორის, გიორგი კაჭახიძის ინცორმაციით, მედპერსონალი, ვისაც დაინფიცირებულ ექიმთან კონტაქტი ჰქონდა ორკვირიან კარანტინს გაივლის. აღნიშნულის გამო, იზოლაციაში იმყოფება კლინიკის დირექტორიც.

„ერთი ექიმია დაინფიცირებული. მისი ტესტირება ჩატარდა გუშინ და გუშინ საღამოს მივიღეთ პასუხი. ექიმს სიმპტომები აღენიშნა. პარასკევს ჰქონდა ყელის ტკივილი და სამსახურში არ მოვიდა, დღის განმავლობაში აღენიშნა ცხელება, რის გამოც დავუკავშირდით დაავადებათა კონტროლის ცენტრს. ეს ექიმი არის სტაციონარის ექიმი. პაციენტებთან უსაფრთხოების ნორმების დაცვით ჰქონდა კონტაქტი, კონტაქტი ჰქონდა ასევე თანამშრომლებთან და ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაშია. დაახლოებით 30-მდე მედიკოსია კარანტინში. რამდენიმე ადამიანია ასევე, ვისაც აქვს სიმპტომი და მიმდინარეობს მათი ტესტირება, სავარაუდოდ, დღეს აუღებენ ანალიზებს“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა.

რაც შეეხება კლინიკაში მყოფ პაციენტებს, ნაწილი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. ხოლო რამდენიმე მძიმე პაციენტი კლინიკაში რჩება და მათთან კლინიკის ის ექიმები მუშაობენ, რომელთაც ინფიცირებულ ექიმთან შემხებლობა არ ჰქონიათ.

„კლინიკა, სავარაუდოდ, ორი კვირა იქნება დახურული. ამ დროისთვის კლინიკაში 10-მდე პაციენტია დარჩენილი, რომელთა სიმძიმეც არ გვაძლევს საშუალებას, რომ გადავიყვანოთ სადმე, ამიტომ მათთან რჩებიან ის ექიმებიც, რომლებსაც არ ჰქონიათ კონტაქტი დაინფიცირებულ ექიმთან“, – განაცხადა გიორგი კაჭახიძემ.