კლიმატის ცვლილებამ შესაძლოა, მსოფლიოში ლუდის დეფიციტი გამოიწვიოს
კლიმატის ცვლილებამ შესაძლოა, მსოფლიოში ლუდის დეფიციტი გამოიწვიოს

გლობალური ტემპერატურის მატება გავლენას ახდენს არა მხოლოდ ჩვენს უსაფრთხოებაზე, არამედ საკვებსა და სასმელზეც.

ბოლო წლებში, მეცნიერებმა აღმოაჩინეს კავშირი კლიმატის ცვლილებასა და მაგალითად, ღვინისა და ყავის მოხმარებას შორის.

მაგრამ ამჯერად, აღმოსავლეთ ანგილიის უნივერსიტეტის ახალმა კვლევამ აღმოაჩინა კავშირი ექსტრემალურ ამინდსა და ადამიანთა მიერ მოხმარებული ლუდის ოდენობას შორის.

მომავლის მოვლენების პროგნოზირების ცდის ნაცვლად, მკვლევრებმა დასვეს კითხვა — რა მოხდება ლუდის მრეწველობაში, თუკი დადგება ყველაზე მკაცრი, ისეთი გვალვა, როგორსაც მეცნიერები უახლოეს წლებში არ ვარაუდობენ?

მკვლევრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ასეთი ექსტრემალური ამინდი ლუდის გლობალურ მოხმარებას 16 პროცენტით შეამცირებს.

ეს კი 29 მილიარდ ლიტრს უდრის, აშშ-ში წლიურად მოხმარებული ლუდის ოდენობას.

პრობლემა მდგომარეობს მომარაგებაში და არა მოთხოვნაში. კლიმატთან დაკავშირებული კატაკლიზმების შემთხვევაში, ფერმერებს შესაძლოა, გაუჭირდეთ ლუდის მთავარი ინგრედიენტის — ქერის მოყვანა.

პროგნოზების მიხედვით, მსოფლიო ლუდის ბაზრის მოცულობა 2022 წლისთვის 750 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს. ცუდი ამბავია მომხმარებლებისთვისაც — ლუდის ფასი მთელ მსოფლიოში დაახლოებით გაორმაგდება.

ეფექტი განსაკუთრებით მწვავე იქნება ჩინეთში, მსოფლიოში ლუდის ყველაზე დიდ მომხმარებელ ქვეყანაში. ხვალ რომ სასტიკი გვალვა დადგეს, ჩინეთში ლუდის მოხმარება 10 პროცენტით შემცირდება, ანუ ჩინელები 12 მილიარდი კათხით ნაკლებს დალევენ.

კვლევა პროგნოზირებს, რომ ფასები ყველაზე მეტად მოიმატებს ლუდის მოყვარულ მდიდარ ქვეყნებში, მაგალითად ირლანდიაში.

გარდა ეკონომიკური ეფექტებისა, ლუდის მსოფლიო დეფიციტს შესაძლოა, სოციალური და პოლიტიკური შედეგებიც ჰქონდეს.

კვლევის ერთ-ერთი ავტორის, დაბო გუანის განცხადებით, კლიმატის ცვლილებამ შესაძლოა, გამოიწვიოს ახალი სახის აკრძალვა, რომელშიც ლუდი ფუფუნების საქონელი გახდება, რომელიც მუშათა კლასისთვის ხელმისაწვდომი აღარ იქნება.

კვლევა ჟურნალ Nature Plants-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.