კლაუს უოლფერი - გვჭირდება, შევიმუშავოთ ურთიერთობების მექანიზმი საქართველოსთან და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან
კლაუს უოლფერი - გვჭირდება, შევიმუშავოთ ურთიერთობების მექანიზმი საქართველოსთან და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან

ევროკავშირის ახალ ხელმძღვანელობასთან ერთად, გვესაჭიროება, შევიმუშავოთ ურთიერთობების მექანიზმი საქართველოსთან, უკრაინასთან, კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ავსტრიის ევროინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ექსპერტმა, კლაუს უოლფერმა განუცხადა.

ევროკავშირის გაფართოებისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ ევროკავშირში მიმდინარე ცვლილებების შემდეგ, სავარაუდოდ მისი გაფართოების საკითხი უფრო დაჩქარებულად და ხაზგასმულად განიხილება, თუმცა ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერი სახელმწიფოს მიდგომებზე დაყრდნობით, სავარაუდოა, რომ ევროკავშირში მომხდარი ბოლო ცვლილებების გათვალისწინებით, ქვეყნები გაფართოებაზე ფიქრს მხოლოდ კონსოლიდირების შემდეგ დაიწყებენ.

„ევროკავშირის გაფართოება რთული ინსტრუმენტი იყო ბოლო ათწლეულის განმავლობაში და ცოტა არ იყოს, გაიცვითა კიდეც. არსებობს გარკვეული სკეპტიციზმი ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც სულ ბოლო გაფართოების ტალღის შემდეგ გაჩნდა. ეს მიდგომა ნაკლებად ეხება თავად ავსტრიას, მაგრამ საგრძნობია ბევრ ქვეყანაში. დღეს ძალიან დაბალია განწყობა იმისა, რომ ევროკავშირი გაიღება მეტი ქვეყნისთვის. ამ საკითხზე დისკუსიები იქნება ხაზგასმული და დაჩქარებული ევროკავშირის ახალი შემადგენლობით დაკომპლექტებასთან ერთად, რადგან იცით, რომ ხელმძღვანელობა ოქტომბრის ბოლოს შეიცვლება, მათ შორის პარლამენტი, პრეზიდენტი, კომისარი და ა.შ. ყველაფერი იქნება განსხვავებული. ევროკავშირში არსებობს გარკვეული ხმები, მაგალითად როგორიცაა საფრანგეთის პრეზიდენტის მიდგომა, რომლის თანახმადაც, ევროკავშირს სამომავლო გაფართოებამდე ჯერ კონსოლიდირება სჭირდება, რომ საჭიროა ისეთი მექანიზმის შემუშავება, რომლებიც ევროკავშირს უკეთ აამუშავებს. ასე რომ, კითხვას რომ დავუბრუნდეთ, გაფართოება, რა სახითაც ჩვენ მას ვიცნობთ და რომელიც, საქართველოსთან ერთად, უკრაინასა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებსაც გულისხმობს, არ არის ახლოს ამ მომენტისთის. ვფიქრობ, ახლა მოხდება იმის გადაფასება, თუ სად ვდგავართ და რას ვაკეთებთ. ვუშვებ, რომ მოხდეს გადახედვა იმ ბოლო განვითარებების, რაც გვაქვს. ჩვენ კი გვაქვს ბრექსიტი, თურქეთი, რომელიც აკაკუნებს ევროკავშირის კარზე, თუმცა წევრობაზე რეალისტური მოლოდინის გარეშე, ახლო მომავალში გვყავს შვეიცარია და ნორვეგია, ანუ მნიშვნელოვანი ქვეყნები, რომლებსაც ან უკვე აქვთ გარკვეული ურთიერთობები ევროკავშირთან ან აქვთ დაუყოვნებლივი აუცილებლობა, რომ მისი წევრი გახდნენ. ჩვენ ახლა უნდა ვიპოვოთ პოსტბრექსიტული ურთიერთობების ჩარჩო ბრიტანეთთან, რაც შესაძლოა, დაგვეხმაროს აზრიანი, სოლიდური და მისაღები ნიადაგის შექმნაში თურქეთთან ურთიერთობაში, რაც უმნიშვნელოვანესია. ამ კონტექსტში ასევე გვესაჭიროება შევიმუშავოთ ურთიერთობების მექანიზმი საქართველოსთან, უკრაინასთან, კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან. ვფიქრობ, მოვისმენთ ბევრ ახალ შეფასებას და წელიწადზე ნაკლებ დროში უფრო დაბრძენებულები ვიქნებით“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში კლაუს უოლფერმა, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპისა და ევროკავშირის გაფართოების საკითხებშია.

ყოფილი დიპლომატი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა გაფართოების ყოველი მორიგი ტალღა ერთი პრინციპით უნდა განახორციელოს, რომლის თანახმადაც უნდა დაწინაურდნენ ის ქვეყნები, რომლებიც უფრო მეტად არიან დაახლოებული საჭირო მოთხოვნებთან თუ ევროპულ ღირებულებებთან. შესაბამისად, კითხვაზე, არის თუ არა საქართველოსთვის ხელსაყრელი, მოიაზრებოდეს მომლოდინეთა სიაში უკრაინასთან ერთად, რომელიც ჯერ კიდევ ომის მდგომარეობაში იმყოფება, დიპლომატი პასუხობს, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და ბალკანეთის ქვეყნებში ევროკავშირს აქვს პოლიტიკა, რომ ყველას აქვს თავისი საზომი, თუ ერთი ქვეყანა არის მეტად დაწინაურებული და ჯდება ევროკავშირის პრინციპებსა და ღირებულებებში, ქვეყანა უფრო სწრაფად მიდის წინ. „ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ძირითადი ფილოსოფია, რაც ყველაზე უნდა გავრცელდეს“, – აღნიშნავს უოლფერი.

ავსტრიის საგარეო უწყების ექსპერტი აღნიშნავს, რომ თავის მხრივ, ავსტრია ნაკლებად მიეკუთვნება იმ ქვეყანათა სიას, რომლებიც ევროკავშირის გაფართოების საკითხს სიფრთხილით უყურებს, თუმცა მსგავსი მიდგომა საგრძნობია ბევრ ევროპულ ქვეყანაში, რაც, მისი თქმით, სავარაუდოდ გაფართოების ბოლო ტალღებმა განაპირობა. დაბრკოლებებს შორის კი კიდევ ერთი ფაქტორია ქვეყნის შიდა პოლიტიკური ურთიერთობა, სადაც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არსებული მუდმივი დაპირისპირებები ქვეყნის შანსებს საგრძნობლად ამცირებს.

„გაფართოების საკითხში ნამდვილად არსებობს გარკვეული გადაღლა. შესაძლოა, ავსტრიაში არა, თუმცა საგრძნობია სხვაგან და ეს ნამდვილად ანგარიშგასაწევი საკითხია. შესაძლოა, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა შეცვალეს მიდგომები გაფართოების ახალ ტალღასთან ერთად, რაც მოხდა პოლონეთის, ჩეხეთის, უნგრეთის, სლოვაკეთის, ხორვატიის, ბულგარეთისა თუ რუმინეთის შემთხვევებში. მაშინ ისინი იყვნენ ერთიანები, მათ მართლაც ძალიან უნდოდათ წევრობა. ქვეყნების შიგნით მათ გადალახეს ბევრი ბარიერი და ხარვეზი და გაერთიანდნენ მათი საერთო ინტერესისთვის. მაშინ ევროკავშირის თითოეულმა წევრმა მოახდინა გაწევრიანების შესახებ დოკუმენტის რატიფიცირება, ანუ მათ მოიწონეს ამ ქვეყნების ნაბიჯები. ესაა ნომერ პირველი რეცეპტი, რაც შემიძლია, მივცე ქვეყანას, ვისაც აქვს ამბიცია წევრობაზე, რომ იყვნენ ერთიანები და თვითორგანიზებულები. სამწუხარო მაგალითია ალბანეთი, სადაც დღეს არსებობს ძლიერი ოპოზიცია, რომელიც ღიად ებრძვის ხელისუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარე, მთავრობაც და ოპოზიციაც ევროკავშირში გაწევრიანების ღია მხარდამჭერები არიან, ერთმანეთთან ასეთ ფუნდამენტურ დონეზე ბრძოლითა და დაპირისპირებით, ისინი ამცირებენ შანსს, რომ სწრაფად დაწინაურდნენ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, – აღნიშნა კლაუს უოლფერმა.

​მან რეგიონში რუსულ ფაქტორზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით საქართველოსა და სხვა ქვეყნების წინაშე არსებული დაბრკოლებების მიუხედავად, რუსეთი ვერ გახდება წინააღმდეგობა ევროკავშირის წევრობისთვის,რადგან არსებობს ამის მაგალითები ჩრდილოეთ მაკედონიისა თუ აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების სახით. რუსეთისგან დაბრკოლებას, მისი თქმით, ქვეყნები უფრო მეტად არა ევროკავშირში, არამედ ნატო-ში გაწევრიანების კუთხით აწყდებიან.

დატოვე კომენტარი