დღეს - საქართველო-ყაზახეთი პირველ არხზე | კიტეიშვილი და არაბული გამოირიცხა - ვაისმა დვალიშვილი გამოიძახა 

19 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის ბოლო ოფიციალურ შეხვედრას ჩაატარებს. ერთა ლიგის დასკვნით მატჩში, ვლადიმირ ვაისის გუნდი თბილისში, „დინამო-არენაზე“ ყაზახეთს შეხვდება.

ანდორასთან მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს სამი მოთამაშე ვერ დაეხმარება. ამ შეხვედრაში მიღებული ტრავმის გამო ვაისს ჯერ გიორგი ნავალოვსკი, ხოლო ახლა – ბაჩანა არაბულიც გამოაკლდა. გუშინდელ ვარჯიშზე ოთარ კიტეიშვილი დაშავდა და ვერც გრაცის „შტურმის“ ქართველი ლეგიონერი ითამაშებს. ჯერჯერობით გაურკვეველია ჯაბა კანკავას საკითხიც.

სწორედ ამიტომ, მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით ყაზახეთთან მატჩის განაცხადში თბილისის „საბურთალოს“ თავდამსხმელი ლადო დვალიშვილი იქნება.

დღეს „ზესტაფონის“ ბაზაზე გამართულ საწვრთნელ პროცესში 20 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

მეკარეები: გიორგი ლორია, როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერსკვეიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე – ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსკვეიკსი, აშშ), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკ-ტრნავა, სლოვაკეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი)

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი), ლადო დვალიშვილი (საბურთალო)

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ყაზახეთთან მოგება სჭირდება, რადგან 16 ქულას დააგროვებს და ერთა ლიგის ნახევარფინალში „დ“ ჯგუფის სხვა გამარჯვებულს უმასპინძლებს.

საქართველო-ყაზახეთის შეხვედრა, „დინამო არენაზე“ 19 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.