ვლადიმირ ვაისი - ყაზახეთთან სამი ქულა უკეთეს კალათაში მოსახვედრად გვჭირდება
ვლადიმირ ვაისი - ყაზახეთთან სამი ქულა უკეთეს კალათაში მოსახვედრად გვჭირდება

„იმედი მაქვს, ყაზახეთთან სავსე სტადიონზე ვითამაშებთ“ – განაცხადა ვლადიმირ ვაისმა „დინამო-არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო, მეექვსე ტურის შეხვედრას მიეძღვნა.

საქართველოს ნაკრები „დინამო არენაზე“ ხვალ, 19 ნოემბერს ყაზახეთთან ითამაშებს. პრესკონფერენციაზე ვაისმა მომავალ დაპირისპირებაზე ილაპარაკა.

„ხვალ საინტერესო თამაში ველოდებით, სადაც 3 ქულა გვჭირდება, წილისყრაზე უკეთეს კალათაში რომ მოვხვდეთ. მიუხედავად იმისა, რომ ანდორასთან 3 ქულა ვერ მოვიპოვეთ, მიზანი შევასრულეთ, ჯგუფში გავიმარჯვეთ და ნახევარფინალში გავედით. მაგრამ ხვალ აუცილებლად გვჭირდება გამარჯვება და ხარისხიანი თამაში. იმედია მაქვს, ყაზახეთთან სავსე სტადიონზე ვითამაშებთ“ – ამბობს ვაისი.

საქართველოს ნაკრების სლოვაკმა დამრიგებელმა შემადგენლობაში შესაძლო ცვლილებებიც ახსენა: „ნავალოვსკი თავის ტრავმის გამო შეხვედრას გამოტოვებს. ჯერ უცნობია კიტეიშილის ამბავი, არაბულიც სრულად მზად იქნება თუ არა, ხვალ გვეცოდინება. ჩაკვეტაძე კი მატჩისთვის მზადაა.“

ვაისმა ანდორასთან ვერმოგებული მატჩის მიზეზები ასე ახსნა: „ანდორაში თამაში გრანდებსაც უჭირთ – მაგალითად, პორტუგალიამ ძლივს მოიგო. ზოგადად, შეტევის ხაზში რა გეგმებიც გვქონდა, ვერ განვახორციელეთ. სამწუხაროა, რომ მეკარის შეცდომით გავუშვით გოლი. ვეცდებით, რომ ბოლო შეხვედრაში ის თამაში ვაჩვენოთ, როგორიც ლატვიასთან და პირველ ტურში ყაზახეთთან. ანდორასთან მატჩში დაგვაკლდა კანკავას და კაშიას გამოცდილება. ექიმები ყველაფერს აკეთებენ, კანკავა თამაშს სრულ მზადყოფნაში რომ შეხვდეს.“