კინოთეატრ „ამირანთან“ ანა სუბელიანის დაშავების საქმეზე დაკავებული პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
კინოთეატრ „ამირანთან“ ანა სუბელიანის დაშავების საქმეზე დაკავებული პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში კინოთეატრ „ამირანთან“ აქციაზე ანა სუბელიანის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა.

საქმეზე მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. პროკურორის განცხადებით, საქმეში ბრალეულობის დასამტკიცებლად საკმარისი მტკიცებულებები არსებობს. განსხვავებულია დაცვის მხარის პოზიცია. ადვოკატი ამბობს, რომ მტკიცებულებების ნაწილი სასამართლოს არ უნდა დაეშვა.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დააყენა, თუმცა სასამართლომ ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

შალვა შევარდნაძე წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ ნაწილობრივ ცნობს. როგორც ის ამბობს, დანაშაული დისკრიმინაციული ნიშნით არ ჩაუდენია.

სხდომას დაზარალებული ანა სუბელიანი არ ესწრებოდა.

მომდევნო სხდომა 6 იანვარს 13:00 საათზე გაიმართება.

საქართველოში 8 ნოემბერს ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა გაიმართა. ფილმის ჩვენება ბიზსმენმა ლევან ვასაძემ; „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“  თავმჯდომარე  გურამ ფალავანდიშვილმა; ყოფილმა დეპუტატმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ; „ქართულმა მარშმა“ და მათმა თანამოაზრეებმა გააპროტესტეს. თბილისის კინოთეატრებთან, ასევე ბათუმში საპროტესტო აქციები გაიმართა. აქციებზე რამდენიმე ინციდენტი და შეხლა-შემოხლა მოხდა, მათ შორის გამოძიება მიმდინარეობს კინოთეატრ „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ანა სუბელიანის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე.