კინოთეატრ „ამირანში“ აცხადებენ, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ სეანსზე მაყურებელთა უსაფრთხოდ შესვლას შსს-სთან ერთად უზრუნველყოფენ
კინოთეატრ „ამირანში“ აცხადებენ, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ სეანსზე მაყურებელთა უსაფრთხოდ შესვლას შსს-სთან ერთად უზრუნველყოფენ

კინოთეატრ „ამირანის“ ადმინისტრაცია აცხადებს, რომ დაიცავენ მომხმარებლის უფლებებს და შსს-სთან ერთად უზრუნველყოფენ მათ უსაფრთხო შესვლას დარბაზებში.

„კინოთეატრების უსაფრთხოების სამსახური არის მზადყოფნაში, თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. მაქსიმალურად ვზრუნავთ მომხმარებლის უსაფრთხოებაზე. მაყურებლებს ვთხოვთ, ვინც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ დღევანდელ სეანსზე ბილეთები შეიძინა, მოვიდნენ სეანსამდე ნახევარი საათით ადრე, რათა უსაფრთხოდ და კომფორტულად შევუშვათ თავიანთ ადგილებზე დარბაზებში“, – განაცხადა კინოთეატრ „ამირანის“ მარკეტინგის დირექტორმა, გვანცა გარმელიამ.

ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს გაიმართება.

„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერაზე მაყურებლებს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში არ შეუშვებენ. ფალავანდიშვილის განცხადებით, 8, 9 და 10 ნოემბერს კინოთეატრების პიკეტირებას მოახდენენ.

ამასთან, ვიდეომიმართვა გაავრცელა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ და აღნიშნა, რომ ამ ფილმის გადაღებით მთელ მსოფლიოში შეარცხვინეს ქართული კულტურა.

ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქოც. საპატრიარქო ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას მიუღებლად მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ ძალადობას ემიჯნება.

შსს-ში აცხადებენ, რომ ფილმის ჩვენებისას შსს უზრუნველყოფს, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც კანონით დასაშვებ ფარგლებს არ სცდება.