კილიან მბაპეს საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში 50 გოლი დაუგროვდა
კილიან მბაპეს საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში 50 გოლი დაუგროვდა

კილიან მბაპე ბოლო 37 წლის განმავლობაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში 50 გოლის გატანა შეძლო.

პარი სენ-ჟერმენმა საფრანგეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ნიმი 3-0 დაამარცხა, მბაპემ კი ორი გოლი გაიტანა. ახალგაზრდა ფრანგმა თავი უსიამოვნო ეპიზოდითაც გამოიჩინა, როდესაც მეტოქის კარში გოლი ხელით გაიტანა. მსაჯმა ეს ვერ შენიშნა და გოლი ჩათვალა, თუმცა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ გოლი გააუქმა და მბაპეს ყვითელი ბარათი უჩვენა.

საბოლოოდ, პარიზელებმა მაინც  გაიმარჯვეს და სატურნირო ცხრილში უკვე 17 ქულით უსწრებენ მეორეადგილოსან ლილს.

20 წლის, ორი თვისა და სამი დღის ასაკში, მბაპე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა იანიკ სტოპირას შემდეგ (1982), რომელმაც საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში 50 გოლის გატანა შეძლო.