კიევში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს
კიევში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს

კიევში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის დედაქალაქის ქუჩებში პოლიციის დამატებითი ძალები პატრულირებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ზომები განსაკუთრებით გამკაცრდა მეტროსადგურებზე, ბაზრებთან და მასობრივი თავშეყრის ადგილებთან.

დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია კიევსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში, რამდენიმე ადგილას ნაღმის შესახებ.

უკრაინის დროით 09:25 საათზე ქალაქ ლუცკში, მოქალაქე მაქსიმ კრივოშმა ავტობუსი გაიტაცა, პოლიციაში თავად დარეკა და სამართალდამცველებს აცნობა, რომ მძევლები ჰყავდა აყვანილი. რამდენიმე წუთში ადგილზე პოლიციის დანაყოფების მობილიზაცია დაიწყო.

როგორც ცნობილია, ავტობუსში ათი ადამიანი იმყოფება. გამტაცებელი ამბობს, რომ მძევლებს შორის არიან ბავშვები და ორსულებიც. ლუცკში ჩავიდა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვიც. მისი განცხადებით, მძევლები თავს კარგად გრძნობენ და პოლიცია ყველაფერს აკეთებს, რომ ისინი მშვიდობიანად გაათავისუფლონ.

ლუცკში არსებულ მდგომარეობას ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. მისი თქმით, მიმდინარეობს ოპერაცია და ყველაფერი კეთდება, რომ სიტუაცია მსხვერპლის გარეშე დარეგულირდეს.