კიდევ ერთი ლეგიონერი - „სამგურალმა“ განელი ნახევარმცველი დაიმატა #1TVSPORT
კიდევ ერთი ლეგიონერი - „სამგურალმა“ განელი ნახევარმცველი დაიმატა #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალმა“ კიდევ ერთი ლეგიონერი დაიმატა, ახალი სეზონიდან გუნდში განელი საყრდენი ნახევარმცველი ჯუდ არტური ითამაშებს, – ინფორმაციას „ტრანსფერმარკტი“ ავრცელებს. ფეხბურთელი „სამგურალს“ თურქულ შეკრებაზე შეუერთდა.

ჯუდ არტური 23 წლისაა, მან კარიერა განაში, პრემიერლიგის კლუბ „ლიბერთი პროფესიონალსში“ დაიწყო. 2019 წლის იანვრიდან ფინეთის ვეიკაუსლიგაში (უმაღლესი დივიზიონი) თამაშობდა – ჯერ სიკ-ში, 2022 წლიდან კი ჰაკა-ს ფეხბურთელი გახდა. არტურს განის 17 და 20-წლამდელთა ნაკრებებშიც აქვს ნათამაშები.

შეგახსენებთ, რომ „სამგურალი“ ცოტა ხნის წინათ საყრდენმა ნახევარმცველმა, ნიგერიელმა ლუქმან გილმორმა დატოვა, რომელიც კარიერას ლატვიურ „ლიეპაიაში“ გააგრძელებს. სავარაუდოდ, ის განელმა ლეგიონერმა უნდა ჩაანაცვლოს.

„სამგურალი“ თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიაში 17 იანვრიდან ემზადება. გუნდში სხვა ახალწვეულებიც არიან – ძმები ლუკა და ნიკა ხორხელები, რომლებმაც გასული სეზონი ბოლნისის „სიონში“ გაატარეს, შეკრების დაწყების შემდეგ კი წყალტუბოელებს ბრაზილიელი ლეგიონერი ლუიშ ფერნანდო ბულიც შეუერთდა.