ხუთი რამ, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ მზისგან დამცავი კრემების შესახებ — #1tvმეცნიერება
როცა მზე ამოდის, მრავალი ჩვენგანი მზისგან დამცავს (სანსქრინი) იყენებს, მაგრამ მითები და დეზინფორმაცია მრავალ ადამიანს აფერხებს, როდის და როგორ გამოიყენონ ის, თანაც ისე, რომ მაინც მიიღონ საკმარისი D ვიტამინი. ავსტრალიის ქვინზლენდის სამედიცინო კვლევების ინსტიტუტის (QIMR Berghofer) კანის კიბოს ექსპერტი რეიჩელ ნილი უძღვებოდა კლინიკურ კვლევებს, რომლებიც სწავლობდა კავშირს მზის ზემოქმედებასა და კანის კიბოს შორის, ასევე მზისგან დამცავის გამოყენებასა და D ვიტამინს შორის. ცოტა ხნის წინ, მისი ხელმძღვანელობით გამოქვეყნდა ახალი განცხადება, რომელიც განიხილავს, თუ როგორ უნდა დაბალანსდეს მზის სხივების ზემოქმედების რისკები და სარგებელი. ამ განცხადებაში ის ასახელებს ხუთ რამეს, რაც ყველამ უნდა იცოდეს მზისგან დამცავების შესახებ.
მზისგან დამცავი კრემი უნდა გამოვიყენოთ, როგორც დაცვის ბოლო ხაზი
ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ მისაღებია, მთელი დღე პლაჟზე იწვეს პატარა ბიკინით, რადგან მთელ მოშიშვლებულ კანზე ყოველ ორ საათში ისვამენ მზისგან დამცავს. ფიქრობენ, რომ ეს კრემი მათ თითქოს ტყვიაგაუმტარს ხდის. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სრულყოფილად ისვამთ საუკეთესო მზისგან დამცავს, ის მაინც ატარებს ულტრაიისფერი რადიაციის გარკვეულ რაოდენობას. თუ საათობით ხართ მზეზე, ეს თანდათან ისეთ ნიშნულს მიაღწიეს, რომ საკმარისი იქნება კანის დასაზიანებლად. ამ წერტილში, აღარ აქვს მნიშვნელობა, წაისვამთ თუ არა მეტ მზისგან დამცავს, დაზიანება უკვე მიღებული გაქვთ.
ხალხს ზოგჯერ სჯერა, რომ თუ სანსქრინს ყოველ ორ საათში ერთხელ წაისვამენ, დაცვას ხელახლა იძენენ, მაგრამ ეს კრემი ასე არ მუშაობს. ასევე საჭიროა, თავი დაიცვათ ქუდით, მზის სათვალით, ტანსაცმელი და შუადღეს დარჩეთ ჩრდილში. მზისგან დამცავი უნდა განიხილოთ, როგორც დაცვის ბოლო ხაზი თქვენი კანის იმ ნაწილებისთვის, რომლებსაც გარეთ ყოფნისას ადვილად ვერ დაიფარავთ, მაგალითად, ხელების და კისრის.
არსებობს საფუძვლიანი მტკიცებულება, რომ მზისგან დამცავი საშუალება იცავს კანის კიბოსა და ნაოჭებისგან
მზისგან დამცავის შესახებ ყველაზე დიდი და ხანგრძლივი კვლევა ავსტრალიის ქალაქ ნამბურში ჩატარდა. 1992 წელს, ქალაქში შემთხვევითობის პრინციპით შეარჩიეს 1600 ადამიანი, რომლებსაც მზისგან დამცავი ან ყოველდღე უნდა წაესვათ, ან გაეგრძელებინათ მოხმარება ისე, როგორც ამას იქამდე აკეთებდნენ, ანუ მინიმალურად. აღმოჩნდა, რომ ვინც მზისგან დამცავს ყოველდღე იყენებდა, წლების შემდეგ მელანომის განვითარების რისკი ორჯერ ნაკლები ჰქონდათ.
კვლევაში მონაწილეთა ხელების უკანა მხარეს მკვლევრებმა შეისწავლეს კანის ზედაპირის დაზიანებაც. ვინც სანსქრინს ყოველდღე იყენებდა, კანის დაბერების უფრო დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც არ იყენებდა. როდესაც ისინი 2014 წელს გადაამოწმეს, აღმოჩნდა, რომ სანსქრინის ჯგუფში ასევე ოდნავ დაბალი იყო ნებისმიერი მიზეზით სიკვდილიანობაც.
უნდა აირჩიოთ მზისგან დამცავი ის კრემი, რომელიც მოგწონთ
ნამდვილად არ არის კარგი, გქონდეს მზისგან დამცავი კრემი, რომელიც კარადაში გიდევს და კანზე იმიტომ არ ისვამ, რომ მისი შეგრძნება არ მოგწონს. თუ ლაშქრობაში მიდიხართ და მთელი დღე გარეთ აპირებთ ყოფნას, საუკეთესო იქნება, წაისვათ SPF 50+ მაღალი დაცვის ფაქტორის მქონე სანსქრინი. მაგრამ ძნელია, იპოვო ისეთი მაღალი SPF-ის მქონე დამცავი, რომელსაც კარგი შეგრძნება აქვს; ამიტომ, თუკი გარეთ დღის განმავლობაში მხოლოდ მცირე დროით ხვდებით, აირჩიეთ SPF 15 ან 30 მზისგან დამცავები. შეფერილი მზისგან დამცავი კრემები იმავენაირად გიცავთ, როგორც ჩვეულებრივი მზისგან დამცავი კრემები, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ მათ სქლად ისვამთ. თუმცა, იმის გამო, რომ ხშირად ისინი კანს არათანაბარ შეფერილობას ანიჭებენ, ადამიანები ძირითადად თხლად ისვამენ. ერთი გამოსავალია, ჯერ წაისვათ ჩვეულებრივი სანსქრინის სქელი ფენა, შემდეგ კი ზემოდან გადაისვათ შეფერილი მზისგან დამცავი.
ქიმიური მზისგან დამცავები, ანუ რომლებიც შეიცავენ ისეთ ორგანულ ინგრედიენტებს, როგორიცაა ოქტოკრილენი და ავობენზონი — მზის ულტრაიისფერ რადიაციას შთანთქავენ და უსაფრთხო სითბოდ გარდაქმნიან. არაორგანული სანსქრინები, რომლებსაც ასევე უწოდებენ მინერალურ ან ფიზიკურ სანსქრინებს, შეიცავს თუთიის ოქსიდის ან ტიტანის დიოქსიდის ნაწილაკებს. ხშირად ამბობენ, რომ ისინი ულტრაიისფერ რადიაციას ირეკლავენ ან ფანტავენ, მაგრამ სინამდვილეში, ამ რადიაციას ისინიც ქიმიური სანსქრინების მსგავსად შთანთქავენ.
მზისგან დამცავი კრემის ორი ფენის გამოყენება საკმარისი დაფარვის მიღწევაში დაგეხმარებათ
ბოთლზე მითითებულ SPF-ს ეფექტს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებთ, თუ კანის ყოველ კვადრატულ სანტიმეტრზე 2 მილიგრამ მზისგან დამცავ კრემს წაისვამთ, რაც საშუალო ზრდასრული ადამიანის მთელი სხეულის დაფარვისთვის დაახლოებით 7 ჩაის კოვზია. თუმცა, ამ ოდენობის მზისგან დამცავის წასმა ნამდვილად რთულია. საუკეთესო გამოსავალია, თუკი ერთ ფენას ადრე წაისვამთ, შემდეგ მაგალითად, კბილებს გაიხეხავთ, მოწესრიგდებით, ამის შემდეგ კი მეორე ფენას გადაისვამთ.
თუ მზისგან დამცავ კრემებს დაუღალავად იყენებთ, შესაძლოა D ვიტამინის დანამატის მიღება დაგჭირდეთ.
რეიჩელ ნილმა და მისმა ჯგუფმა ბოლო პერიოდში ჩაატარა ცდა, რომელშიც სურდათ დაედგინათ, ახდენდა თუ არა ყოველდღე SPF 50+ სანსქრინის გამოყენება ადამიანში D ვიტამინის დონეზე. შემთხვევითობის პრინციპით შეარჩიეს 639 ადამიანი, რომლებსაც დილის რუტინის ფარგლებში უნდა წაესვათ SPF 50+ მზისგან დამცავს იმ დღეებში, როცა პროგნოზის მიხედვით, ულტრაიისფერი (UV) ინდექსი 3 ან უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო ან ის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოეყენებინათ. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, სანსქრინის ყოველდღიური გამოყენების ჯგუფში 46 პროცენტს აღენიშნებოდა D ვიტამინის დეფიციტი, საკონტროლო ჯგუფში კი ეს მაჩვენებელი 37 პროცენტი იყო. თუ მზისგან დამცავს ყოველდღე იყენებთ, ნილი გვირჩევს D ვიტამინის დანამატების გამოყენებას, რათა არ განგვივითარდეს დეფიციტი, განსაკუთრებით ზამთარში.
D ვიტამინის დეფიციტის განვითარების უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან მუქი ფერის კანის მქონეები. ექსპერტთა დასკვნით, მუქი ფერის კანის მქონეებმა მზისგან დამცავი მხოლოდ მაშინ უნდა გამოიყენონ, თუკი გარეთ ორ საათზე მეტს ატარებენ ისეთ დღეებში, როცა მაღალია ულტრაიისფერი რადიაციის დონე. ეს იმ ფაქტის აღიარებაა, რომ მელანომის სიხშირე 30-ჯერ ნაკლებია მუქი ფერის კანის მქონე ადამიანებში, ვიდრე ღია ფერის მქონეებში და რომ D ვიტამინის დეფიციტი უფრო დიდ რისკებს შეიცავს.
მომზადებულია New Scientist-ის მიხედვით.